მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ გადაწყვეტილებების მიმღებებთან  დაახლოებული არ ხარ, შენი ინვესტიციები დაცული არაა - გიგა ბედინეიშვილი

giga bedineishvili

2023 წლის II კვარტალში 505.7 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2022 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 29.9%-ით მეტია. ამის შესახებ საქსტატის მიერ 2023 წლის II კვარტალის დოკუმენტშია აღნიშნული. მეორე კვარტალში შემოსული ინვესტიციის ძირითადი ნაწილი 423 მილიონი ამერიკული დოლარი კი რეინვესტიციაა

რეინვესტირების მაღალი მაჩვენებელი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ახალი ინვესტორების შემოსვლა არ ხდება, - ამბობს ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი.  მისი თქმით, ინვესტორების განწყობაზე რამდენიმე ძირითადი ფაქტორი მოქმედებს და მათ შორის ერთ-ერთი სამართლებრივი გარემოა, რაც მათ საქმიანობას რისკის ქვეშ აყენებს. 

“ახალი ინვესტორების შემოსვლა არ ხდება, მაგრამ ვინც უკვე შემოსულია, სხვა რა გზა აქვს გარდა იმისა, რომ დაამატოს უკვე ჩადებულ ფულს ახალი ფული იმისთვის, რომ მოგებაზე გავიდეს. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ინვესტიციების ზრდა იყოს და როგორც წესი ეს ზრდა იყოს ახალი ინვესტიციების შემოსვლის ხარჯზე. თუმცა, სამწუხაროდ, ეს დინამიკა არ გვაქვს.

არ არის გასაკვირი, რომ ინვესტიციების დინამიკა არც ისე სახარბიელოა. ერთი მხრივ, დადებითია, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მაგრამ მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია სამართლებრივი გარემო, თუმცა აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ სასამართლოს, ვგულისხმობ რამდენად სამართლიანია ბიზნესგარემო. გაზრდილია კორუფცია და თუ არ ხარ გადაწყვეტილებების მიმღებებთან  დაახლოებული, შენი ინვესტიციები დაცული ვერ იქნება. ეს თავისთავად ინვესტიციების თვალსაზრისით წამახალისებელი ფაქტორი ვერ იქნება”, - ამბობს გიგა ბედინეიშვილი. 

ცნობისთვის, 2023 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 255 მილიონ 700 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 50.6 პროცენტია. 137 მილიონ 200 ათასი აშშ დოლარით მეორე ადგილს იკავებს ენერგეტიკის სექტორი, მესამეზეა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 35 მილიონ 600 ათასი ამერიკული დოლარით. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები