მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თუ გაქვს ძლიერი ინსტიტუტი, ქვეყანა მიდის თავისით“ – ჩეხეთს სურს საქართველოს გამოცდილებით დაეხმაროს

5f84a066d3165
თამთა ჯიჯავაძე
12.10.20 23:26
1212
ჩვენ გვაქვს განვითარებული დემოკრატიების და ეკონომიკების მხარდაჭერის გამოცდილება. სწორედ ამ სფეროში გვსურს, საქართველოს დავეხმაროთ, – ამის შესახებ ჩეხეთის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ BMG-სა და Forbes Georgia-სთან ინტერვიუში აღნიშნა.

მისი თქმით, ჩეხეთს შეუძლია თავისი გამოცდილებით დაეხმაროს საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას.

„ეს გამოცდილება შეიძლება იყოს როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური. ჩვენ ღიად ვამბობთ, რომ ცალკეულ სექტორებში დავმარცხდით და თქვენც არ დაუშვათ იგივე შეცდომა. თუმცა არის სხვა სექტორები, რომლებშიც ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ“, – აღნიშნა დიპლომატმა. მისივე თქმით, ჩეხეთის ეკონომიკური წარმატება ნაწილობრივ მათ ევროკავშირში გაწევრიანებას უკავშირდება.

„თუმცა ამ გაწევრიანებით მივიღეთ ბევრი პასუხისმგებლობა და ბევრი შესაძლებლობა თავისუფალ ბაზარზე. დღეს ჩეხეთიდან ექსპორტის დაახლოებით 80% ევროპულ ბაზარზე ხორციელდება. ასევე ჩვენ ავიღეთ ცალკეული პასუხისმგებლობები, ეს ვალდებულებები კი ძირითადად ინსტიტუციური მოწყობა და რეგულაციებია. ასე რომ, ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მთავრობას, მაგალითად, ტექნიკური ნორმებისა და სტანდარტების შექმნაში. ასევე, თუ როგორ ვიმუშაოთ ევროპულ ფონდებთან და ა.შ“, – დასძინა ჩეხეთის ელჩმა.

მისივე განცხადებით, ჩეხეთს სურს დაეხმაროს საქართველოს ინსტიტუციურ განვითარებაშიც, „ვინაიდან ინსტიტუტები უმნიშვნელოვანესია დემოკრატიულ ქვეყანაში, ეს ეხმარება ქვეყანას, იყოს ნაკლებად მოწყვლადი და დაზარალებული პოლიტიკური არეულობების შედეგად“.

როგორც ელჩმა აღნიშნა, თუ გაქვს ძლიერი ინსტიტუტი, ქვეყანა მიდის თავისით.

„პირადად ჩემთვის კი იდეალური ქვეყანა არის ის, სადაც ხალხი მშვიდად ცხოვრობს, ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო მედიაში „ჰედლაინებს“ არ ქმნის, ქვეყანა, რომელიც სტაბილურად ვითარდება“, – განაცხადა ჩეხმა დიპლომატმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები