ჩვენ ჩვენი ცნობიერებით და გაგებით ევროპაში ვართ და ახლა არის მცდელობა, რომ აქედან გაგვიყვანონ, - ამის შესახებ BMGTV-ის სპეცეთერში GIG ჰოლდინგის ორგანიზაციული განვითარების დირექტორმა, ავთანდილ წერეთელმა განაცხადა. მისი თქმით, ახლა კითხვის დასმა იმის შესახებ, გვინდა თუ არა ევროინტეგრაცია, არარელევანტურია, ვინაიდან ეს საკითხი დიდი ხნის წინ უკვე გადაწყვეტილია და კონსტიტუციაშიც წერია.
„თუ გვეშინია და ნაბიჯებს ვერ ვდგამთ, მაშინ ასპარეზი დავუთმოთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც თავისუფლება და განვითარება უფრო უნდათ, ვიდრე შიში აწუხებთ, ვინაიდან შიშს ვერ გავაქრობთ, ის სულ იქნება“, - განაცხადა ავთანდილ წერეთელმა.
მისივე თქმით, ახლა ორი მთავარი ამოცანა გვაქვს: გავაერთიანოთ ეს ქვეყანა და წავიყვანოთ ევროპისკენ. ამისთვის კი მისი აზრით, საჭიროა გონს მოგება, ხელახალი არჩევნები და ევროპისკენ სვლის გაგრძელება.
„მენეჯმენტში ვარ 30 წელზე მეტია. ამ პროფესიაში გავიზარდე. მენეჯერულად რომ შევხედოთ ამ საკითხს, ორი მთავარი ამოცანა გვაქვს: გავაერთიანოთ ეს ქვეყანა და წავიყვანოთ ევროპისკენ. როცა ამ ორ მთავარ ამოცანას აქვს პრობლემა, არის პრობლემა ქვეყანაში და ყოველთვის გვექნება პრობლემა იმ ხალხთან, ვინც წარმართავს ამ პროცესს და ვინც მართავს ქვეყანას. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ქარტეხილი იყო, მაინც კოლოსარულია განვითარების პროცესი - ნახტომი, რაც გვაქვს 1995 წლიდან დღემდე. ეს ადასტურებს იმას, რომ ქართველ ხალხს აქვს უნარი ასწიოს ბიზნესი, ეკონომიკა, სახელმწიფოებრიობა თუ ქვეყნის თვითრეალიზაციის პროცესი ყველაზე მაღალ დონეზე, რასაც კაცობრიობა დღეს იცნობს, ჩვენ ამის უნარი გვაქვს.
ამიტომ, პირველი - გონიერების სივრცეში უნდა დავბრუნდეთ. მეორე - მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება რომელიც ქუჩაშია, გადავარწმუნოთ, რომ თურმე არჩევნები ასეთი იყო თუ ისეთი იყო, ზედმეტი და გამაღიზიანებელიც კია.
ჩვენი საზოგადოების ადამიანების უმრავლესობას ჩამოყალიბებული აზრი აქვთ, რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი, თავისუფალი და ეს არის პრობლემა. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გაბრაზებულია ხალხი, მე არ შემიმჩნევია, რომ ეს ხალხი არის აგრესიული. ეს საზოგადოება უკვე ევროპულია. ჩვენ ჩვენი ცნობიერებით და გაგებით ევროპაში ვართ და ახლა არის მცდელობა, რომ აქედან გაგვიყვანონ. პირადად მე, 2008 წელს გავაცნობიერე, რომ აქედან ვერასდროს ვეღარ გამიყვანენ. წარმოუდგენელია. იქ ვარ უკვე“, - განაცხადა მან.