მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ინდუსტრიას არ აინტერესებს, როგორც პოლიტიკოსი, ვიხსნი პასუხისმგებლობას - მეგრელიშვილი რეფერენტულ ფასებზე

63c801b8def3b
ინგა მურუსიძე
18.01.23 18:27
1806
ფარმაცევტული ინდუსტრია თავს მორჩილად არ უნდა იქნევდეს, - ასე ეხმაურება „გირჩის“ წარმომადგენელი, ვახტანგ მეგრელიშვილი მედიკამენტების რეფერენტულ ფასებზე გადასვლის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. საკითხზე მეგრელიშვილმა "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა. 

გარდა ამისა, მეგრელიშვილი ამბობს, რომ ფასების რეგულირებას აქვს შედეგი და ეს არის დეფიციტი.

„საბოლოო ჯამში, მე ვფიქრობ, რომ ადამიანები, ვისაც ეს ყველაფერი ეხებათ, თავს არ უნდა იქნევდნენ მორჩილად და უნდა გამოთქვამდნენ აზრს. 5 000-ლარიანი, 20 000 ლარიანი, 30 000-ლარიანი ჯარიმები დაწესდა კანონით და ვფიქრობ, ეს სრულიად მიუღებელია. ინდუსტრიამ უნდა გააპროტესტოს თავად ეს და თუ ინდუსტრიას არ აინტერესებს, მე, როგორც პოლიტიკოსი სრულიად ვიხსნი პასუხისმგებლობას, რომ ვისაუბრო ამ თემაზე. მე ჩემი მოვალეობა შევასრულე, რომ გამომეთქვა პოზიციები ყველა სწორ ადგილას, მათ შორის პარლამენტის კომიტეტში. მათ შორის კომიტეტზე, სადაც პოზიცია დავაფიქსირე, იქ იყვნენ სექტორის წარმომადგენლები, მე არ მახსენდება, რომ თუნდაც იქ გამოეთქვას ვინმეს იმაზე მყარი პოზიცია, ვიდრე მქონდა - მე“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

წამყვანის კითხვაზე, თუკი 520-ე დადგენილებაზე სექტორი მაშინ საკმაოდ ხმამაღალ პროტესტს გამოთქვამდა, ახლა რა შეიძლება იყოს სიჩუმის მიზეზი, დეპუტატი პასუხობს: „ვფიქრობ, ფარმაცევტული ბიზნესი ბევრად მარტივად კონტროლირებადია. რეგულატორი ჰყავთ ისეთი, რომ შეუძლია ნებისმიერ დროს შეუქმნას პრობლემები. ასევე, არიან მსხვილი მოთამაშეები, რომლებსაც მათ შორის პოლიტიკური თვალსაზრისით არ აწყობთ, რომ ამ სფეროში რაღაცეებს აპროტესტებდნენ. ორი მსხვილი კომპანიის წარმომადგენელი ჩემი კოლეგაა პარლამენტში. ისინი თუ არ ლაპარაკობენ თავიანთ კომპანიებზე პარლამენტში, მე არ მჯერა, რომ მათი თანამშრომლები თქვენთან ისაუბრებენ გულწრფელად ტელეეთერებში“, - თქვა მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის: ჯანდაცვის სამინისტრომ 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ფასის ზედა ზღვარი დააწესა. ფარმაცევტულ კომპანიებს, განსაზღვრულ ფასზე ძვირად, წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ. სექტორს, ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე აქვს. რეფერენტული საცალო ფასი რეფერენტული საბითუმო ფასიდან, სააფთიაქო დარიცხვის პროცენტით ან საცალო კოეფიციენტის საშუალებით ითვლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები