თიბისი ჯგუფის უფროსი ეკონომისტი ნიკოლოზ ზურაბიშვილი ამბობს, რომ თუ ნოემბერ-დეკემბერშიც გაგრძელდა ინფლაციური წნეხის აჩქარება, მოსალოდნელი იქნება, რომ ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 0.25 პროცენტული პუნქტით გაზრდის.
ეკონომისტმა ინფლაციის ტენდენციებზე "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, სებ-ის და თიბისი ჯგუფის ინფლაციის პროგნოზები თანხვედრაშია. საქართველოში ინფლაციის მთავარ მამოძრავებელ ფაქტორებზე საუბრისას მან გამოყო გარე ფაქტორები (საწვავისა და საკვების ფასების ზრდა), ხოლო შიდა ფაქტორებიდან მომსახურების სექტორში ფასების მატება.
"ეროვნულმა ბანკმა წლიური ინფლაციის საშუალო პროგნოზი 5.2-დან 5.4%-მდე გაზარდა. ჩვენი საშუალო პროგნოზი ისედაც 5.4-5.5% იყო გაზაფხულიდან მოყოლებული, ანუ ეროვნული ბანკის პროგნოზი დაუახლოვდა ჩვენს პროგნოზს. ჩვენ რაც მცირედით შევცვალეთ ეს მხოლოდ დეკემბრის ინფლაციის მაჩვენებელია, რაც წლიურ საშუალოზე დიდად არ მოქმედებს, ამიტომ ამ მხრივ პროგნოზები თანხვედრაშია. ჩვენ ველოდებით, რომ წლიური საშუალო ინფლაცია 5.4% იქნება, მაგრამ უბრალოდ წლის ბოლოს ინფლაცია მექანიკურად ძირითადად უმაღლესი განათლების სასწავლებლის გადასახადის გამო შემცირდება, რამაც ინფლაცია 0.8 პროცენტული პუნქტით შეამცირა, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. ეს, რა თქმა უნდა, პროგნოზში არ იყო გათვალისწინებული. მეორე მხრივ, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით კვლავ გლობალურად საწვავზე და საკვებზე მაღალი ფასები მოქმედებს. ამ ორი ფაქტორის წმინდა ეფექტი გამოვიდა ისე, რომ დეკემბრის ინფლაცია მცირედით შემცირდა.
სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიზანია ასახოს თვის განმავლობაში რა ხარჯი უწევს ტიპურ მომხმარებელს თუ შინამეურნეობას. ამ მხრივ, თუ შევხედავთ, უმაღლესი განათლების სასწავლებლის გადასახადის კლება, რა თქმა უნდა, ამ ხარჯებს ამცირებს, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ შევხედვათ, რას გვეუბნება ეს ინფლაციის ძირითად ტრენდზე? - ბევრს არაფერს, რადგან ეს ეფექტი ერთი წლის განმავლობაში წლიურ ინფლაციაში დარჩება და მომავალი წლის შესაბამისი თვიდან, ოქტომბრიდან უკვე ამოიწურება. თუ ამ ერთი წლის განმავლობაში 0.8 პროცენტული პუნქტით იქნება შემცირებული, მომავალ წელს ინფლაცია 0.8 პროცენტული პუნქტით გაიზრდება.
ასეთ დროს ცენტრალური ბანკები ტრადიციულად ამ ერთჯერად ფაქტორებზე არ რეაგირებენ, ისინი ინფლაციას ერთჯერადი ფაქტორების გარეშე აფასებენ. საქართველოს ინფლაციაში სხვა ერთჯერადი ფაქტორების წვლილი ბევრია, იგივე ელექტროენერგიის გადასახადი, რომელიც პირიქით ზრდის ინფლაციას და ამის ეფექტი აპრილიდან ამოიწურება. ეს ყველა ერთჯერადი ფაქტორი რომ გამოვრიცხოთ, ინფლაცია ჩვენი შეფასებით, შედარებით მაღალი - 5-5.5%-ია. შესაბამისად, ეს არ არის კრიტიკული მაჩვენებელი. ჩვენ ველოდით, რომ ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 8.25%-ზე შეინარჩუნებდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ 5-5.5% კრიტიკული მაჩვენებელი არ არის, რა თქმა უნდა, სამიზნე მაჩვენებელზე საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით, რომ თუ ინფლაციური წნეხის აჩქარება ნოემბერ-დეკემბერშიც გაგრძელდა, როგორც ეს დაფიქსირდა სექტემბერში, შემდეგ სხდომაზე, სავარაუდოდ, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს დამატებით 0.25 პროცენტული პუნქტით გაზრდის", - ამბობს ეკონომისტი.
მან მომსახურების ინფლაციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის შედარებით ხისტია მონეტარული პოლიტიკის მიმართ, ამიტომ თუ მომსახურების ინფლაცია დაჩქარდება, მეტად მოსალოდნელია პოლიტიკის გამკაცრება.
"სექტემბერში ინფლაციური წნეხი აჩქარებულია, ეს სწორედ მომსახურებას უკავშირდება, მომსახურების ფასები მნიშვნელოვნად გაზრდილია. სექტემბერში მომსახურების ინფლაცია 3.7% იყო, მაგრამ თუ გამოვრიცხავთ უმაღლესი განათლების გადასახადის ეფექტს, თითქმის ორჯერ მეტი - 6.6% იქნებოდა, თითქმის 3 პროცენტული პუნქტით მეტი. ამიტომ აქ მნიშვნელოვანი აჩქარება გვაქვს და საყურადღებოა მომსახურების ინფლაცია, რადგან ის არის ყველაზე ხისტი, ანუ უფრო ნელა რეაგირებს მათ შორის მონეტარულ პოლიტიკაზე და სხვა ცვლილებებზე. თუ აჩქარდება, მომსახურებაში მაღალი ინფლაცია უფრო ხანგრძლივად დარჩება. ამ მხრივ ველოდებით, რომ მომდევნო თვეებშიც თუ გაგრძელდება [მომსახურების ინფლაციის აჩქარება], მოსალოდნელი იქნება ცალსახად, რომ ეროვნული ბანკი რეაგირებას მოახდენს და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს გაზრდის",- ამბობს ეკონომისტი.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2026 წლის 16 დეკემბერს გაიმართება.
























