მოიმატებს თუ არა ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფი, რომელიც 3 წელია უცვლელია ჯერ უცნობია. თუმცა ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ დღეს ბაზარზე ელექტროენერგიის გაძვირების ყველანაირი წინაპირობა არსებობს.
ელექტოენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფის გაზრდის საჭიროებაზე საუბრობს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძეც. მისი თქმით, გარდა ინფრასტრუქტურის ჩანაცვლებისა, ტარიფის ზრდის წინაპირობას შესასყიდი ელექტროენერგიის ფასებიც ქმნის, რომელიც იმპორტის პარალელურად გაზრდილია.
“საყოფაცხოვრებო მომხმარებელზე როცა ვსაუბრობთ, ცხადია, აქ გასათვალისწინებელია ის ინფრასტრუქტურა, რომელიც გვაქვს. მე მიმაჩნია, რომ თუ ჩვენ დროულად ამ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციას არ განვახორციელებთ, ხუთი წლის მერე შეიძლება გვიან იყოს და შეიძლება მივიღოთ გათიშვები, გამომდინარე იქიდან, რომ ის ტრანსფორმატორები და ის ქსელები ვერ გაუძლებს იმ დატვირთვას, რომელიც ჩვენ გველის. შეიძლება დღევანდელი 3-5 თეთრის ზრდა ვიღაცამ აღიქვას, რომ მტკივნეულია, თუმცა ხუთი წლის მერე შეიძლება უფრო გვეტკინოს ეს ყველაფერი, ვიდრე დღეს 3 და 5 თეთრის დამატებით გადახდა თითოეულ კილოვატ საათზე.
არის ორი კომპონენტი ტარიფის: ერთი არის შესასყიდი ელექტროენერგიის ფასი და თუ ბაზარზე ფასი გაიზარდა, რასაც ვერ იკმაყოფილებენ მარეგულირებელი სადგურებით, მაშინ უნდა შეივსოს ბაზრის ფასით. ბაზარზე ფასი გაზრდილია იმპორტის წილის ზრდის გამო და ჩვენ ვნახეთ, რომ წელს კოლოსალურად გაზრდილია იმპორტი.
მეორე კომპონენტი არის ინფრასტრუქტურის ნაწილი და საინვესტიციო ნაწილი ამ კომპანიების. თუნდაც პირველის გამო მოუწევს სემეკს ტარიფის ზრდა, თუმცა თუ ბარემ ერთიანად გავზრდით, იქნება კარგი. ჩვენ სამი წლის წინ, როცა ფასი 3 თეთრით შევამცირეთ, ალბათ არ გავითვალისწინეთ ის, რომ ხომ არ სჯობდა, რომ ეს 3 თეთრი მაშინ დაგვემატებინა და ეს სამი წელი ამ კომპანიებს ჰქონოდათ შესაძლებლობა ინვესტიციისთვის. ეს ზრდა ისეთი მტკივნეული, ცხადია, აღარ იქნებოდა, ხომ?”-ამბობს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.
ცნობისთვის, სემეკი დროებით დადგენილი ტარიფის კორექტირებაზე გადაწყვეტილებას მარტის ბოლოს მიიღებს. მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ ეტაპზე გარკვეული პარამეტრების დაზუსტება მიმდინარეობს, რაც საბოლოო გადაწყვეტილებაზე აისახება.
მარეგულირებელ კომისიას ტარიფი 2026 წლის დეკემბერში უნდა გადაეხედა. დავით ნარმანია თვეების განმავლობაში აანონსებდა, რომ ელექტროენერგია გაძვირდებოდა, რასაც ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროებით ხსნიდა. მოგვიანებით კი კომისიამ მოქმედი ტარიფების 3 თვით შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო.
ელექტროენერგიის ტარიფებს ბოლო სემეკმა 2023 წელს გადახედა. მაშინ არსებული ტარიფი როგორც ბიზნესისთვის ისე საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის 3 თეთრით შემცირდა.




























