"ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის იმ გზავნილს ეხმაურება, რომლის თანახმადაც, თუ "ქართული ოცნება" არსებულ პრობლემებს არ მოაგვარებს, შესაძლებელია, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოს მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნული გზავნილი ქართველი ოპოზიციონერებისთვის გაგზავნილ წერილში გააჟღერა.
ჟურნალისტის კითხვაზე - რამდენად მზად არის "ოცნება" ევროკავშირთან დიალოგისთვის იმ შემთხვევაში, თუ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება საქართველოს მოქალაქეებსაც შეეხებათ, კობახიძე აცხადებს, რომ მთავარია, ევროკავშირმა ქართველი ხალხის მიმართ სამართლიანი დამოკიდებულება გამოავლინოს.
"[ურსულა ფონ დერ ლაიენის] ეს განცხადებაც პირდაპირ არის დაკავშირებული ბრიტანულ გადაწყვეტილებასთან. პირდაპირ ჩანს ძალიან მარტივი კოორდინაცია, გარე ჩარევა ევროკავშირის ბიუროკრატიაში, როგორც ბრიტანულში, და გადაწყვიტეს რა, რომ ხედავენ ცოცხალ-მკვდარ ოპოზიციას, პრაქტიკულად მაჯისცემა არ ესინჯება, და ასეთ დროს კოორდინირებულად გადაწყვიტეს რაღაცები გადმოუგდონ ამ ოპოზიციას.
ჩვენ ერთადერთ რამეს ვამბობთ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით - მზად ვართ, განვაგრძოთ ჩვენი ვალდებულებების შესრულება, რაც გამომდინარეობს ასოცირების ხელშეკრულებიდან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან, ეს არის ჩვენი დღის წესრიგი. თუ იქნება ჯანსაღი დამოკიდებულება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ამ შემთხვევაში, ყველაფერი იქნება სათანადოდ ქართულ-ევროკავშირული ურთიერთობების თვალსაზრისით, მთავარია, მათ შეცვალონ საკუთარი დამოკიდებულება და გამოავლინონ სამართლიანი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ", - განაცხადა კობახიძემ პრესკონფერენციაზე.




























