ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 73-ე სესიაზე, ჰანს კლუგემ აღნიშნა, რომ საქართველოში განხორციელებულმა სისტემურმა რეფორმებმა - ფასების რეგულირებამ და რეფერენტული ფასების განსაზღვრამ - ონკოლოგიური წამლების ღირებულების 45%-ით შემცირების შესაძლებლობა შექმნა. მისივე თქმით, ეს ცვლილებები სახელმწიფოსთვის, ორჯერ მეტი მედიკამენტების შესყიდვების საშუალებას იძლევა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში, ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზურაბ აზარაშვილთან ფარმაცევტულ სექტორში განხორციელებული რეფორმები განიხილა.
სესიაზე სიტყვით გამოვიდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, საქართველოს ჯანდაცვის სტრატეგია ორიენტირებულია ჯანდაცვის უსაფრთხოების გაძლიერებაზე, პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ხელშეწყობაზე, ასევე - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიებისა და ჯანდაცვის კადრების შესაძლებლობის ზრდაზე. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელდა ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო საშუალებების დაფინანსების გასაუმჯობესებლად.
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდა ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე.
„თუ ხალხს არ აქვს შესაძლებლობა, გადაიხადოს ფული ექიმთან წასასვლელად, ან მედიკამენტისთვის, ეს მხოლოდ პრაქტიკული პრობლემა არ არის, ეს ეთიკური პრობლემაა, იმიტომ რომ ადამიანები კარგავენ ნდობას თავიანთი მთავრობების მიმართ, ჩვენ მიმართ. თუმცა, არსებობს ბევრი კარგი მაგალითი. ახლახან, ვიმყოფებოდი უმშვენიერეს თბილისში, საქართველოში, რათა განმეხილა ჯანდაცვის მინისტრთან, ბატონ ზურაბ აზარაშვილთან, თუ როგორ მოახერხეს ფასების რეგულაციაზე, რეფერენტულ ფასებზე ერთიანი სამუშაოს წარმართვა, რამაც საბოლოოდ, ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასების 45%-ით შემცირების შესაძლებლობა შექმნა, რაც ნიშნავს, რომ ახლა, საქართველოს, ორჯერ მეტი [მედიკამენტების] შესყიდვის საშუალება აქვს“, - განაცხადა ჰანს კლუგემ.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში, მთავრობამ მნიშვნელოვნად გაზარდა დაფინანსება, რათა მიაღწიოს მომსახურების სრულ და ყოვლისმომცველ დაფარვას იმ ადამიანებისთვის, ვისაც ესაჭიროება სარეაბილიტაციო სერვისები, ასევე - ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის. მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა ქრონიკული დაავადებებისა და კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების გასაუმჯობესებლად. მნიშვნელოვანი ინიციატივები ხორციელდება წინა ხაზზე მყოფი პროვაიდერების მოტივაციის გასაუმჯობესებლად და კომპეტენციის ზრდისთვის, პაციენტების მოვლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. საქართველო აცნობიერებს მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც მიღწეულ იქნა წლების განმავლობაში, გლობალური ჯანდაცვის განვითარების მიმართულებით, რასაც ცხადყოფს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მტკიცე ნება, მიაღწიოს ჯანმრთელობის საყოველთაო დაფარვას და ხელი შეუწყოს თითოეული ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას“, - თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.
ყაზახეთში მიმდინარე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 73-ე სესია 26 ოქტომბერს დასრულდება. სესიაში მონაწილეობენ: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები, წევრი ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრები, მათი მოადგილეები, ევროკომისიისა და „იუნისეფის“ მაღალი რანგის წარმომადგენლები.