პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, პარლამენტის მიერ დაწესებულ არაერთ შეზღუდვაზე ხმა ამოიღონ.
"მინდა ამომრჩევლებს მივმართო, რომლებიც წლებია ეგუებიან იმას, რომ ფულს ართმევენ, თავისუფლებაა უზღუდავენ და ისინი, რაღაც გაგებით მიიჩნევენ, რომ ეს ასეც უნდა იყოს. თქვენ შეიძლება არ მოგწონდეთ რაც ხდება, მაგრამ ამის საწინააღმდეგოდ არაფერს აკეთებდეთ. ავიღოთ მძღოლები, მათ თავისუფლებას წლებია სხვადასხვანაირად ვზღუდავთ: ხან ტექდათვალიერება, ხან კატალიზატორი, ხან პარკინგის შემცირება, ბასლაინი, ახლა ვალდებულება დაემატა, რომ ზამთრის საბურავები შეიძინონ, მომავალში, ალბათ დაზღვევაც სავალდებულო გახდება და ა.შ. ისინი კი ამ ყველაფერს მშვიდად ეგუებიან. ამასთან, ჯანდაცვაში ვხვდებით შეზღუდვების მთელ კასკადს: ავკრძალეთ სისხლის დონაცია, ორგანოს დონაციაც, ფაქტობრივად ავკრძალეთ, ახლა სუროგაციას მივადგებით და მალე მაგას გავანადგურებთ და იმის მაგივრად, რომ ექიმები საჯარო სივრცეებში გამოვიდნენ და გააპროტესტონ, ჩუმად სხედან, ხმას არ იღებენ", - ამბობს ის.
ამასთან, რაქვიაშვილი სიტყვით გამოსვლისას საუბრობს ბიზნესმენებზე, რომლებიც არსებულ ვითარებას ეგუებიან და თავისუფლებისთვის ბრძოლის მაგივრად, ცდილობენ მთავრობასთან დალაგებას.
"აღსანიშნავია სათამაშო ბიზნესიც, რომელზედაც ყოველთვის ისმის, რომ ცუდი ბიზნესია და იმსახურებს ყველანაირ ჩაგვრას, დაბეგვრას და შეზღუდვას, თუმცა ბიზნესმენი სულ სთხოვს მთავრობას, რომ ბოლომდე არ შეზღუდონ ის და მისცენ მუშაობის საშუალება - თუ თქვენ ასე უდგებით ბიზნესს, მაშინ საერთოდ არ იმსახურებთ, რომ ბიზნესი გერქვათ. თუ ხართ ბიზნესმენი, იმის შნო უნდა გაგაჩნდეთ, რომ როდესაც გზღუდავენ და გართმევენ თავისუფლებას, ხმა ამოიღო და არ იფიქრო იმაზე, თუ როგორ დალაგდე მთავრობასთან, რადგან მთავრობასთან დალაგებული ბიზნესი - ბიზნესი არ არის", - დასძინა მან.
შეზღუდვებზე საუბრისას, „გირჩის“ წევრი აღნიშნავს, რომ მიმდინარე კვირაში პარლამენტში 140 საკითხია განსახილველი და უამრავი შეზღუდვა დაწესდება. წელიწადში პარლამენტი 300-400 კანონს იღებს და აქედან თითქმის ყველა მავნებლობაა. საბოლოო ჯამში, პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ამას ვეგუებით. როდესაც თქვენს თავისუფლებას ეხებიან და თქვენ ამას ეგუებით, მაშინ მთავრობა კიდევ მეტს წაგართმევთ. სანამ ხმას არ ამოვიღებთ, სანამ არ მოვითხოვთ ამის შეჩერებას, ეს გაგრძელდება და კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით", - დასძინა მან.