ყოფილი საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრი, გელა ბეჟუაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამოსავალი ჯერ კიდევ არის. როგორც მან BMGTV-ს გადაცემა "საქმიან დილაში" განაცხადა, ხელისუფლება პოლიტიკურ პროცესს აიგნორებს, რაც მძიმე შედეგის საწინდარია.
"პოლიტიკური კრიზისი აშკარაა ქვეყანაში, ეს ყველას ესმის ქვეყნის გარეთ, ჩემი აზრით, უმრავლესობას ესმის საქართველოში, მაგრამ ხელისუფლება ამას ჯიუტად არ აღიარებს, რაც მიგვიყვანს კიდევ უფრო ღრმა კრიზისამდე, ვიდრე დღეს ვართ. ზოგი უფრო რადიკალურია და იძახის, რომ ფსკერზე ვართ. ჩემი შეფასებით, ჯერ არ ვართ ფსკერზე, ვარდნის პროცესში ვართ, არის გამოსავალი, მაგრამ თუ გავაგრძელეთ ღრმა პოლიტიკური კრიზისის იგნორი, ფსკერამდე მივალთ.
ნებისმიერი დემოკრატიული მმართველი ამას სერიოზულად მიიღებდა, ყურად იღებდა საზოგადოების დიდი ნაწილის შეშფოთებას და აუცილებლად გადადგამდა პოლიტიკურ ნაბიჯებს კრიზისის დასაძლევად და როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან პერსპექტივაში აჩვენებდა სტაბილური განვითარების პერსპექტივას მათ შორის ბიზნესსაც",- აღნიშნა გელა ბეჟუაშვილმა.
რაც შეეხება გამოსავლის მისეულ ხედვას, ის პირველ ნაბიჯად ხელისუფლების მხრიდან იმ საზოგადოებასთან კომუნიკაციას მიიჩნევს, ვინც ფიქრობს, რომ არჩევნები არასამართლიანი იყო. ამასთან, აღნიშნავს, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში ამ კრიზისს უკვე მოჰყვებოდა ახალი არჩევნები.
"დავიწყოთ იქიდან, რომ ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს საუბარი იმ ადამიანებთან, ჯგუფებთან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ არჩევნები არასამართლიანი იყო. სამართლიანობა, ეს არის ღერძი დემოკრატიული ხელისუფლების. ამიტომ, ამის იგნორირება დანაშაულია და კიდევ უფრო სერიოზულ შედეგამდე მიგვიყვანს. ქვეყნის რეპუტაცია არის ძალიან შელახული, ასეთი რამ არ მახსოვს. ძალიან ვწუხვარ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის თავზე, ჩვენ ისევ ამ მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ, მაგრამ უარეს სპირალში ავდივართ, იმიტომ, რომ დეზინფორმაციამ, აგრესიულმა პროპაგანდამ და ტყუილმა წაიღო ყველაფერი. დღეს უკვე საღი აზრი აღარ ისმის, ტყუილმა გადაფარა. ეს მხოლოდ საქართველოს თემა არაა. საინფორმაციო ომია, რომელიც გაჩაღებულია ყველგან, მაგრამ ჩვენთვის, როგორც ჯერ კიდევ მოწყვლადი დემოკრატიის სახელმწიფოსთვის, ძალიან მტკივნეულია. არა მარტო პოპულისტები, ხელისუფლების ყველაზე მაღალი რანგის წარმომადგენლები იტყუებიან.
პოლიტიკური გამოსავალი ამ კრიზისიდან არის პირველ ეტაპზე საუბარი, დიალოგი ოპონენტებთან და არა პროპაგანდით და აგრესიული ძახილით, რომ რადიკალებს არ ველაპარაკებით. ჩემი შეფასებით, დღეს, ხელისუფლება ბევრად უფრო რადიკალურია, ვიდრე ის ადამიანები, ვინც ქუჩაში დგანან და ეს არანორმალურია. ყველა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ნებისმიერ ქვეყანაში, რომელსაც ჰქვია დემოკრატია ამ კრიზისს მოჰყვებოდა არჩევნები, უკვე იქნებოდა საუბარი ახალი არჩევნების პარამეტრებზე, ვადებზე და მზადება ახალი არჩევნებისთვის",- ამბობს გელა ბეჟუაშვილი.