ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით უტიაშვილი ოქტომბერში სებ-ის მიერ განხორციელებული ინტერვენციების შესახებ გადაცემა "ანალიტიკას" კითხვას პასუხობს, რომ სებ-მა ინტერვენციები მოლოდინების მართვისთვის განახორციელა, რათა კურსის გაუფასურებას უფრო მეტი მოლოდინი და აჟიოტაჟი არ გაეჩინა ბაზარზე.
ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა 4 სავალუტო ინტერვენციით 213 მილიონი დოლარი გაყიდა, ხოლო თანხა, რაც Bmatch პლატფორმით ლარის დასტაბილურებისთვის გაყიდა უცნობია, თუმცა ცნობილია რომ გასულ თვეში საქართველოს სავალუტო რეზერვები 627 მილიონი დოლარით შემცირდა და ამ კლების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი სებ-ის მიერ დოლარის გაყიდვა იყო.
დავით უტიაშვილის თქმით, მაკროეკონომიკური პარამეტრები ძლიერ პოზიციებზე ნარჩუნდება და ლარის გაუფასურების ობიექტური ფაქტორები არ არსებობს.
"ოქტომბერში შემცირება ძირითადად ინტერვენციებს უკავშირდებოდა, ამის ნაწილი იყო Bmatch და გამოცხადებული აუქციონები. ამას განაპირობებდა სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის ერთჯერადი ტრანზაქციების განეიტრალებაზე, თუმცა უფრო მსხვილი ნაწილი მოდიოდა მოლოდინებიდან. ბაზარზე არის ასეთი მოლოდინი ჩამოყალიბებული, რომ არჩევნების შემდეგ თითქოს კურსი უფასურდება, და დავინახეთ რომ ბაზრის აქტორები საკმაოდ მცირე ხნით აზღვევდნენ ამას, ჩვენ ფორვარდული გარიგებებიც ვნახეთ რომ ორი და ერთი თვით იდებოდა და არჩევნების მერე ელოდებოდნენ გაუფასურებას, მაშინ როდესაც ვხედავთ, რომ ფუნდამენტური ფაქტორები არის ჯანსაღი და გვაქვს შემოდინებები, ტურიზმშიც გვაქვს კარგი შემოდინებები და არ არის ზეწოლა კურსზე.
ჩვენი ინტერვენციების სტრატეგიებით განსაზღვრულია, რომ ჩავერიოთ ბაზარზე და არ დავუშვათ ზედმეტი მერყეობა, რადგან ზედმეტი მერყეობა ცუდია ბაზრის იმ მონაწილეებისთვის, რომლებსაც უწევთ დროის იმ მონაკვეთში ბაზარზე თანხის შეძენა.
თუ კურსი გაუფასურდებოდა, შესაძლოა ჩვენ კიდევ უფრო მეტი ინტერვენცია დაგვჭირვებოდა და პროაქტიულად ჩავერიეთ ბაზარზე, რათა ეს არ გადაზრდილიყო კიდევ უფრო მეტ მერყეობაში.
ველით რომ იქნება კარგი სავალუტო შემოდინებები და ჩასაფრებული ვართ რომ შევიძინოთ. როცა ამის შესაძლებლობა მოგვეცემა ჩვენ შევიძენთ რეზერვებს,"- განაცხადა დავით უტიაშვილმა.