ფქვილის საიმპორტო გადასახადის ზრდა და ვადის გახანგრძლივება, ასევე, ქერსა და ქატოზე 100-ლარიანი საიმპორტო გადასახადის დაწესება - ეს ის გადაწყვეტილებებია, რომელიც მთავრობამ მიიღო. ფქვილის იმპორტი კვლავ მზარდი ტენდენციით ხასიათდება, რაც განპირობებულია ფასის არასტაბილური ფორმირებით იმ ჭარბი მოსავლით რაც მსოფლიოში არსებობს, აღნიშნულის გათვალისწინებით მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დამატებით 50 ლარით, ჯამში 1 ტონა ფქვილის იმპორტის საფასური 250 ლარი დაწესდეს.
დარგის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფქვილის იმპორტზე გადასახადის დაწესება კარგი გადაწყვეტილებაა, თუმცა მას მუდმივი მონიტორინგი სჭირდება და საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ზომების მიღება.
მარცვლეულის მწარმოებელთა გაერთიანების ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ბენიაიძე, BMG-სთან საუბრისას ამბობს, რომ აქამდე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც რუსული ფქვილის იმპორტზე 200 ლარიანი გადასახადის დაწესებას გულისხმობს, მდგომარეობა მაინც ვერ გამოასწორა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას სჭირდება მუდმივი კონტროლი, რადგან ბაზარი არასტაბილურია და შესაძლოა, დამატებითი ზომების მიღებაც გახდეს საჭირო.
“რა თქმა უნდა, ეს კარგი გადაწყვეტილებაა დარგისთვის. ახლა მთავარია ფერმერებმა სწრაფად გაყიდონ მოსავალი. თქვენ იცით, რომ მთავრობამ, რუსული ფქვილის იმპორტზე 200 ლარიანი გადასახადი დააწესა, რასაც რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის იმპორტი თანაბარ კონკურენტულ პირობებში უნდა ჩაეყენებინა, თუმცა ამან დაახლოებით 2 კვირა იმუშავა, რადგან რუბლი საგრძნობლად დაეცა და იმ 200 ლარიან გადასახადსაც იხდიდნენ იმპორტიორები, შესაბამისად, მაინც ახერხებდნენ შეთანხმებას. ამ ახალ გადაწყვეტილებას ჩვენ ვხედავთ რამდენად არაპროგნოზირებადია ბაზარი. გადაწყვეტილებას გადასახადის ზრდაზე მივესალმებით, თუმცა 2-3 კვირაში, ეს 250 ლარიანი გადასახადიც, შესაძლოა, საკმარისი აღარ იყოს. თუ მუდმივად არ მოხდა მონიტორინგი და ბაზარი ხელოვნურად არ დარეგულირდა, შედეგს ვერ მივიღებთ. რუსეთი სანქციების ქვეშ არის, შესაბამისად, ნებისმიერ ფასად ურჩევნიათ პროდუქტის გაყიდვა, იქაური მარცვლეულის ბაზარი ჩამოქცეულია და ასე თუ გაგრძელდა, ჩვენც ჩაგვიყოლებს. სანამ ადგილობრივი მარცვლეულის მარაგი არ ამოიწურება, მუდმივად საჭიროა კონტროლი. იმედს გვაძლევს სამინისტროს განცხადება, რომ კიდევ მიიღებენ ზომებს, თუ ეს საკმარისი არ იქნება”, - ამბობს ნიკოლოზ ბენიაიძე.
ცნობისთვის: ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და რუსული ფქვილის იმპორტზე 200 ლარიანი გადასახადი დააწესა, რასაც რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის იმპორტი თანაბარ კონკურენტულ პირობებში უნდა ჩაეყენებინა. თუმცა როგორც მარცვლეულის მწარმოებლები აცხადებდნენ, ამ გადაწყვეტილებამ მდგომარეობა ვერ გამოასწორა. რუსული ფქვილი კვლავ დაბალ ფასად შემოდის, რის გამოც ადგილობრივი ხორბლის ჩაბარება ვერ ხერხდება. მეხორბლეები ამბობენ, რომ წისქვილები ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ფასად ხორბალს არ იბარებენ.