მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თუ მოქალაქე საჩივარს არ ჩაიბარებს, მერიის გვერდზე გამოქვეყნდება და 30-ე დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება - კალაძე

კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვით მიღებული გადაწყვეტილებების გაცნობის პროცედურა მნიშვნელოვნად იცვლება. როგორც მან მუნიციპალური მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ პირი საჩივრის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს, დოკუმენტი მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება და გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება.

კალაძის თქმით, მრავლად არის შემთხვევები, როდესაც ჯარიმასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების ჩაბარება მიზანმიმართულად არ ხდება, რაც პროცესის გაჭიანურებას და გადაწყვეტილებების აღსრულების დაბლოკვას იწვევს.

„მიუხედავად იმისა, რამდენითაც გაიზრდება ჯარიმები სხვადასხვა დარღვევაზე, მექანიზმი ვერ იქნება სრულად პრევენციული, თუ გადაწყვეტილება ადრესატამდე არ მიდის. ხშირია შემთხვევა, როცა ობიექტის მეპატრონე გადაწყვეტილებას შეგნებულად არ იბარებს, რის გამოც ჯარიმა ფაქტობრივად ვერ აღსრულდება და შეიძლება წლებიც კი გავიდეს ისე, რომ გადაწყვეტილება ძალაში არ შევიდეს,“ – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, შემუშავებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, თუ მოქალაქე ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას დადგენილი წესით არ ჩაიბარებს, დოკუმენტი ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება და 30-ე დღეს ავტომატურად მიღებულად ჩაითვლება.

„ამის შემდეგ მუნიციპალიტეტს ექნება შესაძლებლობა გადაწყვეტილების აღსრულება დაიწყოს, თუ პირი დამატებით სასამართლოს არ მიმართავს“, – დასძინა თბილისის მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები