"თუ მსგავს შემთხვევას აქვს ადგილი, TBC-ის დამფუძნებლებმა ეს უნდა განაცხადონ"
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ რომან გოცირიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომლის თანახმად, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იძლებულები არიან, TBC ბანკში საკუთარი წილები გაყიდონ, ბიზნესომბუდსმენს ინფორმაცია არ აქვს.
ლექვინაძე მიიჩნევს, რომ თუ მსგავს ფაქტებს ადგილი აქვს, ამის შესახებ ბანკის წარმომადგენლებმა აუცილებლად უნდა ისაუბრონ.
რაც შეეხება პოზიციას, ბიზნესომბუდსმენი ფიქრობს, რომ საბანკო სექტორის მისამართით ზედმეტი ხმაური პროცესებს კიდევ უფრო აზარალებს.
"მე არ ვიცი, ეს ინფორმაცია რამდენად შეესაბამება სიმართლეს, თუ ეს მართალია, ამაზე ალბათ, ბანკის დამფუძნებლები ისაუბრებენ. ჩვენი პოზიცია შემდეგია: რაც უფრო ნაკლები ხმაური და ინტერპრეტაცია იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს უფრო სასარგებლო იქნება ზოგადად ბანკისთვის და საფინანსო ინსტიტუტებისთვის. შეიძლება, კონკრეტული პიროვნებების მიმართ შეკითხვები არსებობდეს, ყველა მათგანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ამას პასუხები გაეცეს. პროცესი უნდა იყოს ღია და გამჭირვალე და ეს არის გარანტია იმისა, რომ სექტორი აღნიშნული პროცესის გამო არ დაზარალდეს. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, მე არ მაქვს მსგავსი ინფორმაცია, თუმცა თუ მსგავს შემთხვევას აქვს ადგილი, თავად ბანკის დამფუძნებლებმა უნდა განაცხადონ ამის შესახებ", - განაცხადა ლექვინაძემ.
შეგახსენებთ, რომ რომან გოცირიძემ წილების იძულების წესით გაყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია სოციალურ ქსელ Facebook-ში გაავრცელა.
"სანდო წყაროები ირწმუნებიან, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იძულებულნი არიან, გაყიდონ TBC ბანკში თავიანთი წილები და მოლაპარაკებები დაწყებულია მყიდველებთან. საუბარია ამერიკულ ბანკ ”jp morgan”-ზე და EBRD-ზე. თუ ეს სიმართლეა, აღნიშნული ფაქტი ცდება საბანკო თემატიკას და უფრო სერიოზულ და საგანგაშო მოვლენასთან გვაქვს საქმე. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბანკის ხელმძღვანელობამ უნდა დაადასტუროს ან უარყოს ეს ინფორმაცია", - წერდა გოცირიძე სოციალურ ქსელში.

























