“მონეტარული პოლიტიკის ცვლილებისგან თავშეკავება გონივრული გადაწყვეტილებაა” - მიიჩნევს საინვესტიციო ბანკ გალტ&თაგარტის მთავარი ეკონომისტი, თუმცა თუ ახლო აღმოსავლეთში პროცესების ესკალაცია 2-3 თვე გაგრძელდება, ლაშა ქავთარაძე ამბობს, რომ ინლფაციაზე წნეხი 0,7 პროცენტულ პუნქტამდე შეიძლება გაიზარდოს.
“არავინ იცის, თუ როდის დასრულდება ესკალაცია, შესაბამისად, ამ ეტაპზე თავშეკავება მონეტარული პოლიტიკის ცვლილებისგან გონივრულია. თუ ხანმოკლე იქნა ეს ესკალაცია, მაშინ მოსალოდნელია, რომ გარკვეული პროცესები თანდათანობით დაუბრუნდება უწინდელ მაჩვენებელს, თუმცა ამ შემთხვევაში ინფლაცია ვერ დაუბრუნდება იმ დონეს, რაც მაგალითად იანვარ-თებერვალში იყო მოსალოდნელი, მათ შორის ჩვენი მხრიდანაც.
თუ ვივარაუდებთ, რომ ეს ესკალაცია დაახლოებით 2-3 თვემდე მაინც გაგრძელდება, ჩვენი შეფასებით, ამ შემთხვევაში ინფლაციური წნეხი შესაძლოა გაიზარდოს დაახლოებით 0.6-0.7 პროცენტული პუნქტით. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია ისიც, რომ დიდია ალბათობა, რომ გაზარდოს ელექტროენერგიის ტარიფი, რომლის ეფექტი ინფლაციაზე ასევე იქნება დამატებით 0.3-პროცენტიანი ზეწოლა. ანუ, მთლიანობაში შეიძლება ვისაუბროთ, რომ 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზრდება ინფლაცია.
ჩვენი მოლოდინი იყო, რომ წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3%-ის ფარგლებში იქნებოდა. ამის გათვალისწინებით, იგივე დონეზე გავდივართ, რაც იყო შარშან — 3.9%. რა თქმა უნდა, სცენარები შესაძლოა შეიცვალოს. სხვა სცენარებში საშუალო წლიური ინფლაცია წელს 3.5-4%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი”,-აცხადებს ლაშა ქავთარაძე.
საინვეტსიციო ბანკი ელის, რომ წელს დიდი ალბათობით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8%-ის დონეზე შენარჩუნდება.
“ჩვენ წლის დასაწყისში ველოდებოდით, რომ ინფლაცია წელს 3%-ის ფარგლებში იქნებოდა და ეროვნულ ბანკს უკვე წლის მეორე ნახევრიდან შეეძლებოდა თანდათანობით შეემცირებინა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 7.5%-მდე. თუმცა ეს მოლოდინები ახლა შეცვლილია ირანის ესკალაციიდან გამომდინარე. ჩვენი მოლოდინია, რომ დიდი ალბათობით წელს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შენარჩუნდება 8%-ის დონეზე, თუმცა საუკეთესო სცენარში შეიძლება ვიფიქროთ მცირედ შემცირებაზე, 0.25 პროცენტული პუნქტით წლის ბოლოსკენ, თუმცა სავარაუდოდ, ეროვნული ბანკი მაინც თავს შეიკავებს”,- აცხადებს ქავთარაძე.
საქართველოს ეროვნული ბანკი ბოლო 2 წელია მონეტარულ პოლიტიკას უცვლელად ინარჩუნებს. ინფლაციური რისკების ზრდის მიუხედავად, სებმა რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე დატოვა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის განმარტებით, ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული გეოპოლიტიკური ვითარება და მოსალოდნელი ინფლაციური რისკების გათვალისწინებით მათი ცენტრალური სცენარი მაღალინფლაციური სცენარისკენ გადაიხარა.
იმ შემთხვევაში თუ გეოპოლიტიკური ვითარების შედეგად გამოიწვეული ინფლაციური შოკები ხანგრძლივი იქნება, სები მზადაა მკაცრი პოლიტიკა შეინარჩუნოს და საჭიროების შემთხვევაში დამატებით გაამკაცროს კიდეც. ცენტრალური ბანკი მიღებულ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ საგარეო შოკის სიმწვავეს საქართველოს სუვერენული რისკის პრემიის სტაბილურად დაბალი დონე ანეიტრალებს.




























