ბიზნესმენი და პლატფორმა Freebusiness.ge-ის დამფუძნებელი, გიორგი ჩუგოშვილი, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებს და აღნიშნავს, რომ თუ მეორე კვარტალში გადავიდა პოლიტიკური ესკალაცია, ეკონომიკას ეს ძალიან დაეტყობა.
"მგონია, რომ რასაც ვამბობდით 15 დეკემბრიდან, რომ პოლიტიკა ჩაითრევს ეკონომიკას, ზუსტად ამ პროცესს ვაკვირდებით და დღეს უკვე ციფრებში დავინახეთ. ბევრი მხრივ გვაქვს პრობლემა. საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომლებიც გვეხმარებოდნენ კრიზისის დროს, დაფინანსებაზე წვდომა შეზღუდულია. გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, ისედაც 40%-ით შემცირებულია და, რაც არის, ისიც რეინვესტიციაა. ახალი ინვესტიცია არ შემოდის. ლარის კურსი, რომელიც ახლა გვაქვს, წესით ეროვნული ბანკი რომ ძალიან აქტიურად არ მუშაობდეს, შეიძლება უფრო მნიშვნელოვნად მაღალი ყოფილიყო. ბევრი რამეა, რაც უახლოეს მომავალში ძალიან ნათლად გამოჩნდება, ჯერ თითქოს კონტროლქვეშაა, მაგრამ მეორე კვარტალში თუ გადავიდა პოლიტიკური ესკალაცია, ეკონომიკას უკვე ძალიან დაეტყობა", - განაცხადა გიორგი ჩუგოშვილმა Bm.ge-სთან ინტერვიუში.
მისივე თქმით, Freebusiness-ის პირველ კონფერენციაზეც ეკონომისტების მიერ გაზიარებული პროგნოზები ცხადყოფს, რომ ვითარება არასახარბიელოა.
"ეს შეხვედრა იყო, პირველ რიგში, პროფესიული შეხვედრა, სადაც თავისუფალი ბიზნესის პლატფორმის ხელმომწერი და სხვა კომპანიები იყვნენ დაპატიჟებული. შეხვედრა გამოვიდა ძალიან პროფესიული, რამდენიმე სხვადასხვა კომპანიის ეკონომისტებმა წარადგინეს თავიანთი კალკულაციები და პროგნოზები და ცოტა საგანგაშო მდგომარეობა გვაქვს, პროგნოზებიც არ არის სახარბიელო. თუ ასე გაგრძელდა პოლიტიკური ესკალაცია, ახალი სანქციებიც რომ არ იყოს, ეს უკვე ძალიან მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობამდე მიგვიყვანს და თუ დაემატა სანქციები და იზოლაცია, კიდევ უფრო მძიმე სურათს გვაჩვენებს", - ამბობს ჩუგოშვილი.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას Freebusiness-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მათი მიზანი იმ ბიზნესმენების ინფორმირებაა, რომლებიც ეკონომიკური კრიზისის მასშტაბებს ჯერ ვერ ხედავენ.
"ჩვენ ვიცით, ჩვენი სამოქმედო გეგმა რა არის, რომ კომპანიებს, რომლებიც არ არიან შემოერთებული თავისუფალი ბიზნესის პლატფორმას ან ჯერ კიდევ არ სჯერათ, რომ კრიზისია, მათ ეს ყველაფერი უნდა ავუხსნათ. რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა ვანახოთ, რომ ეს ყველაფერი რეალურია და რა გველოდება რამდენიმე თვეში. შემდეგ უკვე რაც მეტი ვიქნებით, უფრო ხმამაღალი იქნება ჩვენი ხმა და შანსიც უფრო მაღალი, რომ შეისმინონ.
აქამდე თავისუფალი ბიზნესის პლატფორმა იყო ინიციატივა. ახლა კი, თუ პლატფორმას უნდა გრძელვადიან პერიოდში აკეთოს პროექტები და იმუშაოს რაღაც ღირებულებების გარშემო, მაშინ რაღაც ფორმა უნდა შეიძინოს, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გადაწყვიტონ ჩვენმა ხელმომწერებმა", - ამბობს გიორგი ჩუგოშვილი.


























