"ყველა კომპეტენტური კვლევით დასტურდება, რომ სუპერმარკეტების ფასნამატი საშუალოდ, დაახლოებით 23%-ია" - ამის შესახებ „საქმის კურსთან“ რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ განაცხადა.
გიორგი ხაბაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ფასნამატი აერთიანებს ყველა სახის გადასახადს, მათ შორის რეტრო ბონუსს (ქეშბექი), რომელიც საბოლოოდ ისევ ფასდაკლებების დასაფინანსებლად მიემართება.
„რა არის ეს ამონაგების მარჟა? მაგალითად, როდესაც სუპერმარკეტების ქსელი პროდუქტს ყიდის 10 ლარად და თუ მისი ამონაგები არის საშუალოდ 23%, ეს ნიშნავს, რომ 2 ლარი და 30 თეთრი არის ხარჯების დასაფარად დარჩენილი თანხა (საიდანაც მერე მოგებაც უნდა დარჩეს), ხოლო დარჩენილი 7.7 ლარი მიემართება პროდუქციის მომწოდებლებთან ( მწარმოებელი+ დისტრიბუცია) პროდუქციის თვითღირებულების დასაფარად. ზოგ პროდუქტზე მარჟა არის 7%, ზოგზე -11%, 25% საშუალოდ გამოდის 23% და არის ყველა კომპონენტის ერთობლიობა. საზოგადოებას შეიძლება ეგონოს, თითქოს რითეილს აქვს რაღაც მაღალი ფასნამატი (მაგალითად 23%) და ამის ზემოთ კიდევ არის ძალიან მაღალი ქეშბექი/რეტრო ბონუსი. ეს ასე არ არის. ამონაგების მარჟა აერთიანებს ყველა გადასახადს“, - ამბობს გიორგი ხაბაშვილი.
ამასთან, გიორგი ხაბაშვილის თქმით, ყველა კომპანია ცდილობს, რომ ძირითადი პროდუქტებზე, რაც სექტორში „ტრაფიკის გენერატორად“ მიიჩნევა, მაქსიმალურად დაბალი მარჟა ჰქონდეს, რათა ფასი კონკურენტული იყო.
„არის შემთხვევა, როცა რითეილერს აქვს საშუალო მარჟა 17%. ეს მარჟა შეიძლება შედგებოდეს 10% ფასნამატის და 7% ქეშბექისგან. ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს 0% ფასნამატი და 17% ქეშბექი. მაგალითად, მომწოდებელი აწვდის პროდუქტს ქსელს 10 ლარად და აძლევს 35%-იან რეტრო ბონუსს (ანუ 3.50 ლარს). ეს ნიშნავს, რომ 6.50 ლარია თვითღირებულება. ამ შემთხვევაში ბევრი სავაჭრო ქსელი პროდუქტს პირდაპირ 6.50 ლარად ყიდის და მთლიან რეტრო ბონუსს იყენებს მომხმარებლისთვის ფასის დასაკლებად. ეს დოკუმენტურად დასტურდება“ - ამბობს ხაბაშვილი.
რითეილ სექტორში ფიქრობენ, რომ შესაძლებელია ე.წ ქეშბექის მოხსნა, თუმცა არ იქნება პანაცეა და ფასებზე გრძელვადიან ზეგავლენას ვერ მოახდენს.
„თუ ქეშბექი მოიხსნება, დისტრიბუტორებიც შესაბამის ფასს დააკლებენ. ანუ არც დისტრიბუციის და არც სავაჭრო ქსელებისთვის არაფერი იცვლება. ეს ფასებზე გრძელვადიან ზეგავლენას ვერ მოახდენს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის, რომ საქართველოში სუპერმარკეტების ქსელებს უჭირავთ ბაზრის მხოლოდ 40%. 60% არის არაბრენდული მაღაზიები და ბაზრობები. თუ რეტრო ბონუსების პრობლემაა, მაშინ რატომ ღირს არაბრენდულ მაღაზიებში (რომლებიც რეტრო ბონუსებს არ იხდიან) პროდუქტი უფრო ძვირი, ვიდრე ბრენდულში? იმიტომ, რომ მათ არ აქვთ მასშტაბის ეკონომია. რაც უფრო დიდია მასშტაბი, მით მეტია ეკონომია და დაბალია ფასი“, - ამბობს გიორგი ხაბაშვილი




























