„დღევანდელი განრიგიდან გამომდინარე, ცალსახად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 2021 წლისთვის ანაკლიის პორტი მიიღებს დიდ გემებს და გახდება ფუნქციონირებადი“, – ეს განცხადება „საქმიანი დილის“ ეთერში „ანაკლია სითის“ გენერალურმა დირექტორმა გააკეთა.
ქეთი ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ პორტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია გზისა და რკინიგზის მშენებლობაც დროულად განხორციელდეს.
“ჩვენ შეიძლება ძალიან მარტივად ვიყოთ ან არ ვიყოთ ტრანზიტული ქვეყანა; ეს დამოკიდებულია იმაზე, განვითარდება თუ არა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. აზიის განვითარების ბანკმა დაასახელა ეს პროექტი მნიშვნელოვნად არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ - რეგიონისთვის.
დღემდე კონსორციუმმა 70 მლნ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა. დამატებითი სამუშაოები დაგვჭირდა იმისთვის, რომ ფუნდამენტური სამუშაოები დავიწყოთ. ჩვენ ჩავატარეთ რამდენიმე ტენდერი და უახლოეს მომავალში დავასახელებთ გენერალურ კონტრაქტორ კომპანიასაც, რომელიც პორტის ჩაბარებაზე იქნება პასუხისმგებელი; როგორც იყო დაგეგმილი ისე მიმდინარეობს და ამ მხრივ შეფერებები არ არსებობს. დღევანდელი განრიგიდან გამომდინარე ცალსახად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 2021 წლისთვის პორტი მიიღებს დიდ გემებს და გახდება ფუნქციონირებადი. თუმცა არის სხვა დეტალებიც, რომელიც 21 მაისის შეხვედრის შემდეგ გადაწყდება.
გადამწყვეტი ფაქტორია რკინიგზის და გზის მიყვანა. თუ ისინიც თავის ვადებში არ განხორციელდება, პორტის მუშაობას აზრი ეკარგება. ამიტომ ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ და დარწმუნებული ვარ შევჯერდებით“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
შეგახსენებთ: ვიცე-პრემიერი მაია ცქტიშვილი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორ ოთხ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს დღეს ხვდება. იქამდე შეხვედრა ფინანსთა სამინისტროშიც გაიმართება.
სწორედ ამ შეხვედრებზე უნდა გადაწყდეს, დათანხდება თუ არა მთავრობა საერთაშორისო ინვესტორების მოთხოვნებს, რომლებიც ამ თანხმობის სანაცვლოდ საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას $400 მილიონი დოლარით დააფინანსებენ.
სახელმწიფოსა და ინვესტორებს შორის შეხვედრა ჯერ კიდევ აპრილში უნდა გამართულიყო, თუმცა მოლაპარაკებათა პროცესი მაისამდე გადაიდო.
შეხვედრაში მონაწილეობას EBRD-ი, OPIC-ი, ADB-ი და AIIB-ი მიიღებენ.

























