"ავტოიმპორტიორებს ბანკებიდან დაფინანსების მიღება საგრძნობლად გაურთულდათ", - ამის შესახებ "ანალიტიკას" ეთერში ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, ავტოიმპორტიორთა დაკრედიტება შემცირებულია.
"რამდენიმე ათეულმა ავტოიმპორტიორმა მოგვმართა იმასთან დაკავშირებით, რომ სესხის აღება გაურთულდათ. როდესაც ბანკი იგებს, რომ დაფინანსება ავტომობილის შემოსაყვანად არის საჭირო, სესხის გაცემისგან თავს იკავებს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ცალკეულ დილერებს, როგორც ფიზიკურ პირებს, ცუდი საკრედიტო ისტორია ჰქონდათ. თუმცა, ვერსიას ვერ გამოვრიცხავთ, რომ ბანკი თავად ხედავს ამ პრობლემას - დაკრედიტება 13%-ით არის შემცირებული.
თუ უახლოეს მომავალში ეროვნული ბანკის ანალიზშიც დანამდვილებით ამოვიკითხავთ ტენდენციას, რომ საბანკო სექტორი ამ სფეროს კრიტიკულად აფასებს, მაშინ დილერების შემთხვევაში მდგომარეობა იმაზე რთულადაა, ვიდრე ჩვენ აქ ვაფასებთ. ეს იქნება კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ სფეროში პრობლემებია", - განაცხადა ალექსი ნონიაძემ.
ალექსი ნონიაძემ "ანალიტიკას" ეთერში რეექსპორტის ტენდენციებსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან არსებულ კონკურენციაზეც ისაუბრა. მან ასევე უპასუხა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა მოსაზრებებს იმის შესახებ, რომ ქართველი დილერები, ღია ბაზრის პრინციპით უნდა შედიოდნენ კონკურენციაში სხვა ქვეყნების ბაზრებთან.
"რეექსპორტის დიდი ნაწილი ვაჩუქეთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ყაზახებს და ყირგიზებს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში იყო საუბარი იმაზე, რომ ჩვენ კონკურენციაში უნდა შევიდეთ ყაზახეთთან და ყირგიზეთთან. კი ბატონო, შევალთ, თუმცა ეს არათანასწორუფლებიანი კონკურენციაა. აპრილიდან ავტომობილების განბაჟების გაძვირების გადაწყვეტილებამ ადამიანები ფაქტობრივად ბუნებრივ მონოპოლიაში ჩააგდო.
თავის დროზე ეს ბიზნესი იმით განვითარდა, რომ ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობა იქნა მიღებული, ჩატარდა რეფორმა, ყველაფერი ერთ სივრცეში მოექცა და ამან შექმნა ავტოჰაბი. ეს ციდან ჩამოვარდნილი ნამდვილად არ ყოფილა; სწორედ ამ ხალხის დამსახურებაა, რომ დღემდე რეგიონში ავტოჰაბი ვართ და მნიშვნელოვანი წვლილი შეგვქონდა ქართულ ეკონომიკაში. მომავალში კი, თუ სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა არ იქნება, ნამდვილად გაგვიჭირდება ამ ფუნქციის შესრულება", - აცხადებს ასოციაციის ხელმძღვანელი.
მისივე შეფასებით, მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველო საკუთარ ინტერესებს სათანადოდ ვერ იცავს, რის გამოც ადგილობრივი ბიზნესი ზარალდება.
"მეზობელ ქვეყნებში ყველა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ჩვენთან კი ისე გამოდის, რომ პირიქით, სხვის ინტერესებზე ვფიქრობთ, ჩვენს მოქალაქეებს კი თამაშგარე მდგომარეობაში ვტოვებთ. არადა, ვასრულებდით ტრანზიტის ფუნქციას.
დღეს არა მხოლოდ ავტოიმპორტიორთა დიდი ნაწილია უფუნქციოდ, არამედ დაინტერესდით და ნახავთ, რომ სახელოსნოები, ექსპრეს-სერვისები და ავტონაწილების მაღაზიებიც ნახევრად გაჩერებულია. ადრე უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩამოდიოდა, მანქანას ყიდულობდა, რამდენიმე დღე რჩებოდა, ბათუმში დასასვენებლად მიდიოდა და ფულს აქ ხარჯავდა. ეს იყო ავტოჰაბის თანმდევი ეფექტი.
ახლა კი, ფაქტობრივად, შემოვა ავტომობილი კონტეინერით და ეს გაუხსნელი კონტეინერი შეიძლება პირდაპირ წავიდეს მეზობელ ქვეყანაში. ჩვენ კი მხოლოდ მინიმალური სატრანზიტო მოსაკრებელი დაგვრჩება, ეკონომიკაში კი სხვა არაფერი შემოვა, გარდა ექსპორტ-იმპორტის მშრალი, გაზრდილი მაჩვენებლებისა. თუ ეს გაზრდილი მაჩვენებლები რამეს მოგვცემს, პირველი მე გავიხარებ, მაგრამ ფაქტია, რომ რეალურ ეკონომიკას ეს ბევრს არაფერს სძენს", - განაცხადა ალექსი ნონიაძემ.




























