"ქართულმა ოცნებამ" მოამზადა კანონპროექტი, რომლითაც მთელი რიგი შეზღუდვები დაუწესდებათ იმ პარტიების წარმომადგენლებს, რომლებსაც საკონსტიტუციო სასამართლო გააუქმებს.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონპროექტის მიხედვით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიას გააუქმებს მასთან დაკავშირებულ პირებს აეკრძალებათ პარტიის ხელმძღვანელობა, პარტიის წევრობა და თანამდებობის დაკავება.
კერძოდ, განმარტებით ბარათში წერია, რომ პოლიტიკური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელის წარდგენის უფლებამოსილების მქონე სუბიექტს შეუძლია მოითხოვოს აეკრძალოს პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პარტიის წევრობა, კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება იმ პირს, რომელიც აკრძალულ პოლიტიკურ პარტიასთან იქნება დაკავშირებული.
კანონში შესატანი ცვლილებები გუშინ ფრაქცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ირაკლი კვირცხალია დააანონსა.
"ისინი ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ვერ დაიკავებენ უმაღლეს თანამდებობას, იქნება ეს სახელმწიფო პოლიტიკური თუ პოლიტიკური, ვერ გახდებიან კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელები. ამგვარი პირები არა თუ ქვეყნის მართვაში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, არამედ ჩამოშორდებიან პარტიულ საქმიანობასაც.
მათ აეკრძალებათ ნებისმიერი პარტიის წევრობა, შიდა პარტიულ სტრუქტურებში ნებისმიერი თანამდებობის დაკავება, დაუშვებელი იქნება ასეთი პირების მიერ ახალი პარტიის შექმნა. ხოლო კონსტიტუციის დაცვით მოქმედ პარტიებს მოუწევთ თავი შეიკავონ ამგვარ პირებთან რაიმე პოლიტიკურ-სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლისგან. მოქმედმა პარტიებმა არ უნდა გააწევრიანონ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორებული პირები მათ რიგებში, არ უნდა წარადგინონ ისინი პარტიულ სიებში, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი რეგისტრაციის გაუქმების საკითხიც დადგება. ასევე პარტიები ამგვარი პირებისგან ვერ მიიღებენ შემოწირულებებს", - ამბობს კვირცხალია.
იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური პარტიები არ შეასრულებენ ამ კანონს და მაგალითად პარტიაში მიღებენ ისეთ პირს, რომელსაც აკრძალული აქვს პოლიტიკური პარტიის წევრობა, დაჯარიმდებიან.




























