მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ საქართველო ბოდიშს მოიხდის, აფხაზეთი ასეთ ნაბიჯს მიესალმება - შამბა

სერგეი შამბა

"თუ საქართველო ბოდიშს მოიხდის იმისთვის, რაც გააკეთა, მაშინ აფხაზეთი შერიგებისკენ პირველ ასეთ ნაბიჯს მიესალმება ", - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე განაცხადა. ევროკავშირის, გაეროსა და OSCE-ს წარმომადგენლებსა და შამბას შორის შეხვედრა 9 ოქტომბერს, სოხუმში გაიმართა.

"თუ საქართველო ბოდიშს მოიხდის იმისთვის, რაც გააკეთა, მაშინ აფხაზეთი შერიგებისკენ პირველ ასეთ ნაბიჯს მიესალმება. ამასთან, აუცილებელია, საქართველომ უარი თქვას ფორმულირებაზე, რომელიც ურთიერთობების მოწესრიგებას ხელს არ უწყობს, კერძოდ, ვითომდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აფხაზეთის რესპუბლიკის პოლიტიკური სტატუსი განხილვას არ ექვემდებარება", - განაცხადა სერგეი შამბამ.

სერგეი შამბას თქმით, ჟენევის დისკუსიები ერთადერთი პლატფორმაა, სადაც "ამ დონეზე შეგვიძლია ვისაუბროთ არსებულ პრობლემებზე. ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი შედეგია ის, რომ "სანამ დიპლომატები საუბრობენ, თოფები დუმს".

ე.წ. მინისტრმა თქვა, რომ "აფხაზური მხარის" დღის წესრიგში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, საომარი მოქმედებების არ განახლება და "აფხაზეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება წარმოადგენს".

ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან შემდეგ მიმდინარეობს. მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება. პროცესში მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი და აშშ, ასევე, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენლები. რუსეთს, ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. მთავრობებთან ერთად, სურს, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი სხვა ქალაქში ჩატარდეს. ამ დრომდე ახალ ადგილად მინსკი ან ბაქო განიხილება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები