საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი შეფასება გამოაქვეყნა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულება და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება მნიშვნელოვანია არამხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ საბიუჯეტო მიმართულებითაც. TI აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუკი კანდიდატის სტატუსს მოიპოვებს ქვეყანა, ყოველწლიურად 400 მილიონ ლარამდე EU-ს გრანტები გახდება ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი.
TI-ის რეკომენდაციები 2024 წლის ბიუჯეტის პროექტზე:
- მისასალმებელია, რომ ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება, თუმცა ის მაინც მაღალია და ბიუჯეტის კანონის დამტკიცებამდე, მთავრობა მის შემცირებას უნდა ეცადოს. დეფიციტის შემცირება ფასების და ლარის კურსის სტაბილურობას შეუწყობს ხელს. ამასთან, იგი ეროვნულ ბანკს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებაში დაეხმარება, მთავარობის ვალის ტვირთს კიდევ უფრო შეამცირებს და ქვეყნის საკრედიტო რეიტინგს გააუმჯობესებს. გასათვალისწინებელია რეგიონში მიმდინარე ომებიც, რაც ეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზირებას ართულებს;
- შემცირებული უცხოური გრანტების მნიშვნელოვნად ზრდისთვის მთავრობამ წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსისთვის საჭირო რეკომენდაციები. ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების 2014-2021 წლების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ამ სტატუსის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირისგან ყოველწლიურად დამატებით 400 მლნ ლარამდე გრანტის მიღების შესაძლებლობა გაუჩნდება;
- ბიუჯეტიდან თანხის ხარჯვის ეფექტიანობის ასამაღლებლად გამკაცრებას საჭიროებს პროგრამული ბიუჯეტის სწორად შედგენის კონტროლი. განსაკუთრებული ყურადღება პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნების სწორად დასახვას და მოსალოდნელი შედეგების შეფასების ინდიკატორების სწორად შერჩევას უნდა მიექცეს. დღემდე პროგრამული ბიუჯეტის პრინციპები ფორმალობად რჩება და რეალურად ის მხოლოდ ბიუჯეტის ტექნიკურ ნაწილში არის ასახული;
- ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები, რომლებიც დანართშია მოცემული, ბიუჯეტის შესახებ კანონის ძირითადი ტექსტის ნაწილი უნდა გახდეს.
TI-ის ძირითადი მიგნებები ბიუჯეტის პროექტზე:
- ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.5%-ით, ხოლო 2024 წელს 5.2%-ით გაიზრდება. ვინაიდან მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა, წლიური ზრდის ტემპის 6.5%-მდე შენარჩუნება რეალური ჩანს. მომავალ წელს 5.2%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული რუსეთ-უკრაინის ომის მსვლელობაზე;
- 2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 1.7 მლრდ ლარით გაიზრდება და 23.9 მლრდ ლარს მიაღწევს. ასეთ მატებას საგადასახადო შემოსავლების 1.6 მლრდ ლარით დაგეგმილი ზრდა განაპირობებს;
- 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს საქართველოს მთავრობა ევროკავშირისგან 44 მლნ ლარით ნაკლებ გრანტს მიიღებს. ჯამში, 2024 წელს მისაღები 261 მლნ ლარის გრანტიდან ევროკავშირზე და ევროკავშირში შემავალი ქვეყნების მთავრობებზე 146 მლნ ლარი მოდის, ხოლო 115 მლნ ლარი სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების მოგებიდან მისაღები თანხაა;
- 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი ხარჯი (გადასახდელები) 24.2 მლრდ ლარი იქნება, რაც 2023 წლის ბიუჯეტის ხარჯებზე 1.8 მლრდ ლარით მეტია;
- ყველაზე მეტად 3 სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება: ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 627 მლნ ლარით იზრდება და 7.7 მლრდ ლარი ხდება, განათლებისა სამინისტროს ბიუჯეტი 262 მლნ ლარით იზრდება და 2.3 მლრდ ლარი ხდება, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 100 მლნ ლარით იზრდება 1.4 მლრდ ლარი ხდება;
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება 25 მლნ ლარით იზრდება და 205 მლნ ლარს მიაღწევს. ზრდას ძირითადად ხელფასების მატება იწვევს. დასაქმებულთა რაოდენობა არ იზრდება, ისევ 3,850 ადამიანი იქნება დასაქმებული;
- საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასი სულ მცირე 10%-ით იზრდება. მათ შორის, პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასები 20%-ით გაიზრდება. ხელფასების ზრდა შრომის ანაზღაურებაზე წლიურად გამოყოფილი თანხის 282 მლნ ლარით მატებას იწვევს;
- 2024 წლიდან 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით იზრდება და 315 ლარი ხდება, ხოლო 70 და მეტი წლის პირთა პენსია 50 ლარით მოიმატებს და 415 ლარი გახდება. პენსიის ზრდა ბიუჯეტის ხარჯების 446 მლნ ლარით ზრდას იწვევს;
- ბიუჯეტის დეფიციტი 2.3 მლრდ ლარი (მშპ-ის 2.7%) იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის დეფიციტი კანონით დაშვებულ საზღვრებშია (არ სცდება მშპ-ის 3%-ს), ის მაინც მაღალ ნიშნულზეა;
- 2024 წელს მთავრობა 3.5 მლრდ ლარამდე ვალს აიღებს. 2024 წლის ბოლოს მთავრობის ვალი 32.6 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 38.2% იქნება.
- 2024 წელს მთავრობის ვალის ძირის და პროცენტის დაფარვის ხარჯი 3 მლრდ ლარამდეა, რაც მაგალითად, სასკოლო განათლებაზე გამოყოფილ საბიუჯეტო დაფინანსებას 2.4-ჯერ, ხოლო თავდაცვის ხარჯებს 2-ჯერ აღემატება;
- ზოგ შემთხვევებში ბიუჯეტის პროგრამების სათანადოდ შედგენა კვლავ პრობლემად რჩება. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო განათლების დაბალი ხარისხი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, სკოლების დაფინანსების ქვეპროგრამის მიზანი განათლების ხარისხის ამაღლება არ არის და მას არც შესაბამისი ინდიკატორები ახლავს.