ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ამბობს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ქართველი ხალხი გადაწყვეტილებას მიიღებს ქვეყნის მიმართულების შესახებ. პრეზიდენტმა ეს კომენტარი მედიასთან ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე გააკეთა.
მან აღნიშნა, რომ საქართველოში არსებული სტატუს-კვო შენარჩუნების შემთხვევაში, ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესი ნაკლებად მოსალოდნელია. ხოლო თუ პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ, მაშინ შესაძლოა განსხვავებული გზის მოლოდინი და ეს მისასალმებელი იქნება.
„რა თქმა უნდა, მსურს ყურადღება გავამახვილო საკმაოდ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებზე საქართველოსა და მოლდოვაში.
ეს იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოში, რადგან ქართველი ხალხი გადაწყვეტილებას მიიღებს მიმართულების შესახებაც. თუ ისინი შეინარჩუნებენ ახლანდელ სტატუს-კვოს, არ ვფიქრობ, რომ საქართველო ზრუნავს შანსებზე, მიაღწიოს პროგრესს და წარმატებას ევროინტეგრაციის გზაზე. თუ გამარჯვებას პროევროპული ძალები მიაღწევენ, მაშინ შეიძლება ველოდოთ განსხვავებულ გზას და ჩვენ ამას ძალიან მივესალმებით“, - თქვა გიტანას ნაუსედამ.
ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ მოლდაველები პროევროპულ გზას აირჩევენ.
ცნობისთვის, 17-18 ოქტომბერს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა იმართება, რომლის დღის წესრიგში საქართველოს საკითხიც შედის.