იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ საბჭოს სასამართლოების რეფორმირების ნება არ აქვს, გაჭიანურებული კომერციული დავები და სასამართლოების მიმართ უნდობლობა კი ქვეყანას ძალიან ძვირი უჯდება.
"ჩვენი სასამართლოს მთავარი პრობლემა გადაწყვეტილებების გაჭიანურებაა. არ არსებობს ქვეყანა, სადაც მომხდარა ეკონომიკური გარღვევა სწრაფი მართლმსაჯულების გარეშე, დაწყებული ლონდონიდან დამთავრებული სინგაპურით, ჰონგ კონგით და დუბაით. ეკონომიკური დავები ამ ქვეყნებში სწრაფად წყდება. მე ვფიქრობ, რომ საბჭოს დიდი ხნით ადრე შეეძლო, ამ პრობლემის მოგვარება, რომ ყოფილიყო ნება საბჭოს მხრიდან. იქმნება შთაბეჭდილება, რომ საბჭოს ძალიან მოსწონს როდესაც მუდმივად საუბარია, რომ მოსამართლეები არიან ძალიან დაკავებული, ეს არის ძალიან კარგი თავის გასამართლებელი საბუთი“, - განაცხადა ანა დოლიძემ გადაცემაში "საქმიანი დილა".
მისი თქმით, სისტემაში არის მოსამართლის ვაკანსიები, თუმცა მათი შევსება არ ხდება, მოქმედი მოსამართლეების გადატვირთულობა კი გადაწყვეტილებების ხარისხზე აისახება.
"თითოეულ მოსამართლეს აქვს 700, 900, 1000 საქმე - აქ მართლმსაჯულების ხარისხზე საუბარი უკვე ზედმეტია, ეს ნიშნავს, რომ მოსამართლე ავტომატივით არის და აგვიანებს გადაწყვეტილებების მიღებას. ამას სჭირდება კონკურისების გამოცხადება, ახალი ხალხის მიღება“, - აღნიშნა დოლიძემ.
მისი განცხადებით, ცალკე თემაა, მოსამართლეების დანიშვნის პროცედურა, რომლებმაც მრავალმილიონიანი დავები უნდა განიხილონ და მათ მიმართ ნდობა მაღალი უნდა იყოს.
"ხშირ შემთხვევევში საბჭოს წევრები გასაუბრებისას სვამენ მისახვედრ კითხვებს. აკრძალულია კანდიდატს დაუსვა კითხვა, როცა წინასწარ ეუბნები რა პასუხი უნდა გაგცეს. ამ სიტუაციის შეცვლას კანონში ცვლილება სჭირდება, ჩვენი პარლამენტი კი ჯერჯერობით ინერტულია. ეს ინერტულობა კი ძალინ ძვირი ჯდება. რით უნდა დაიცვას ინვესტორმა აქ ჩადებული ფული სასამართლოს იმედი თუ არ ექნება, აქ ფულს არავინ ჩადებს, მე მინდა რომ ეს ხელისუფლებამ გაიგოს.“-განაცხადა დოლიძემ.

























