„თუ შეიქმნა ხელოვნური ბარიერები, ჩვენ ჩავერევით და დავიცავთ სამართლიანი სავაჭრო რეჟიმის პრინციპს“, - ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ცემენტის მწარმოებელთა ასოციაციის მიმართვას ეხებოდა. შეგახსენებთ, რომ ასოციაცია ბაზარზე იმპორტირებული ცემენტის დემპინგურ ფასად შემოსვლას აპროტესტებს და საკითხით დაინტერესებას პირადად პრემიერს სთხოვს.
„თუ არსებობს გარკვეული ბარიერები საერთაშორისო ვაჭრობაში და თუ ეს ვაჭრობა არ არის სარკისებური, - თუ ვიღაცას აქვს იმპორტის უფლება, თუმცა მწარმოებელ ქვეყანას აქვს ბარიერი პროდუქციის ექსპორტზე რა თქმა უნდა ამ თემას სჭირდება დაკორექტირება და ჩავერევით. აუცილებლად დავარეგულირებთ თუ ეს პრობლემა დგას.
ჩვენ თავისუფალი და ლიბერალური ბაზრის ერთგული ვართ, რომელმაც თვითონ უნდა დაარეგულიროს მსგავსი საკითხები. მაგრამ თუ ჩვენ გვაქვს ხელოვნური ბარიერები და მსგავსი გვქონია, ჩვენ ჩავერევით და დავიცავთ სამართლიან სავაჭრო რეჟიმს“, - განაცხადა პრემიერმა.