თუ სიტუაცია არ გამოსწორდა, ვფიქრობ ერთ-ერთი გამოსავალი მასტერკლასების და სასწავლო პროგრამის შეთავაზებაა, - ამის შესახებ საქორწილო აქსესუარების ბრენდი Atabata–ს დამფუძნებელი თამარ წიკლაური BM.GE-სთან საუბრობს.
მისივე ცნობით, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, გაყიდვებში აქტივობა 100%-ით გაჩერებულია. შესაბამისად, ბრენდი უფრო პრაქტიკული მიმართულებით განვითარებაზე ფიქრობს.
„ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია დალაგდება და ბიზნესსაც რაღაც კუთხით გადავარჩენთ. ამ ეტაპზე, მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, გაყიდვებში აქტივობა ფაქტობრივად არ შეინიშნება, 100%-ით შეჩერებულია.
ამ ეტაპზე დადებით პროგნოზს ვერ ვაკეთებ. იქიდან გამომდინარე, რომ ეს მცირე ბიზნესია, ეს არ არის მყარი ბიზნესი, რომელსაც აქვს მაღალი ბრუნვა, რომელიც შეგვიძლია, რომ ბიუჯეტი კრიზისულ სიტუაციებში გადავანაწილოთ. უცხოეთიდანაც მოთხოვნა ძალიან არის შემცირებული.
თუ სიტუაცია არ შეიცვლება, ვფიქრობ ერთ-ერთი გამოსავალი მასტერკლასების და სასწავლო პროგრამის შეთავაზებაა. რადგან ძალიან ბევრი ადამიანი პროფესიული კუთხით ინტერესდება. უფრო ამ მიმართულებით ვფიქრობ, რომ მეტი პერსპექტივაა, ვიდრე პროდუქციის რეალიზაციით“,- აცხადებს Atabata-ს დამფუძნებელი.
გარდა არსებული გამოწვევისა, თამარ წიკლაური აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ქართულ ნაწარმს მეტი პოპულარიზაცია და მომხმარებლების მხრიდან მხარდაჭერა სჭირდება.