„შეიძლება, ბიზნესმენებს პროტესტის საჯარო მხარდაჭერა არ შეუძლიათ, მაგრამ ანონიმურად, ფინანსური მხარდაჭერა შესაძლებელია... თუ სურვილია, გზა ყოველთვის არის“ - ამ სიტყვებით მიმართა „თავისუფლების ფონდის“ დამფუძნებელმა დავით ჯინჭარაძემ ქართველ ბიზნესნებს BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“.
სამოქალაქო აქტივისტმა მადლობა გადაუხადა იმ ბიზნესმენებსაც, რომელთაც „თავისუფლების ფონდს“ ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადეს და იმედი გამოთქვა, რომ ამ ბიზნეს-ჯგუფების დასახელება და მადლიერების გამოხატვა მალე საჯაროდაც შეეძლებათ.
შეგახსენებთ: სამოქალაქო აქტივისტმა დავით ჯინჭარაძემ, რომელიც ამჟამად, ლონდონში სწავლობს "თავისუფლების ფონდი" მიმდინარე წლის გაზაფხულზე შექმნა. ფონდს საბანკო ანგარიშები ინგლისში აქვს, რაც იმის გარანტიაა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ის ვერ დააყადაღოს. თავდაპირველად, ფონდი აქციებზე გზის გადაკეტვისთვის დაჯარიმებული მოქალაქეების ჯარიმებს იხდიდა. ამჟამად, "თავისუფლების ფონდი" პოლიტიკური პატიმრების საბანკო ბარათებს ავსებს. ფონდის შემომწირველები, ძირითადად, ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები არიან.
დავით ჯინჭარაძე ქართველ ბიზნესმენებს მოუწოდებს, პროტესტის მხარდაჭერის სურვილის შემთხვევაში, გამოიყენონ არსებული გზები ანონიმური ფინანსური დახმარებისთვის - მათ შორის საერთაშორისო და კრიპტო-გადარიცხვების მექანიზმები, რომლებიც ეროვნული ბანკის კონტროლს სრულად არ ექვემდებარება.
მისი თქმით, ბიზნესს უნდა ესმოდეს, რომ სტაბილურობისა და ზრდის გარანტია მხოლოდ თავისუფალ და ევროპულ ბაზარზე წვდომაა, რისთვისაც აუცილებელია ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია.
"ვისარგებლებ ამ ეთერით და მივმართავ ბიზნესს. ვიცი, რომ არსებობენ როგორც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ბიზნესები, ასევე პასიური და პროტესტის მიმართ ნეიტრალურად განწყობილი ბიზნესები. თქმა უნდა, ჩემი ადრესატი შეიძლება მხოლოდ ასეთი ბიზნესჯგუფები იყვნენ. ჩვენ რამდენიმე ბიზნესი ნამდვილად დაგვეხმარა და ოდესმე, მათ საჯარო მადლობას გადავუხდი...
დღეს კი, შეიძლება, ბიზნესს საჯაროდ პროტესტის მხარდაჭერა არ შეუძლია, მაგრამ სურვილის შემთხვევაში, ანონიმურად ყოველთვის არსებობს გზა… საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ მოჩვენებითად ცდილობს ბიზნესის გულის მოგებას. თავისუფალ ბაზარს და ევროპულ სივრცეს ალტერნატივა არ აქვს”, - ამბობს დავით ჯინჭარაძე და დასძენს, რომ „თავისუფლების ფონდში“ უკვე არსებობს ბიზნესების ანონიმური მხარდაჭერის მაგალითები.
„თავისუფლების ფონდის“ დამფუძნებლის ინფორმაციით, ფონდის არსებობის განმავლობაში, დაახლოებით, 269 000 ლარზე მეტი შეგროვდა. ამ თანხიდან 200 000 ლარით ფონდი 200-მდე ადამიანს დაეხმარა ჯარიმების გადახდაში.
"თავისუფლების ფონდის" მისამართი დონაციის ბმულია www.tavisuplebispondi.com



























