მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თუ ტრამპის ადმინისტრაცია სტრატეგიულ პარტნიორობას გაგვიახლებს, ეს იქნება ნიშანი, რომ "დიპ სტეიტი" დამარცხდა" - კობახიძე

ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-სგან სანქციების დაწესება ტრამპის ადმინისტრაციასა და "დიპ სტეიტს" შორის "ორთაბრძოლაში" გამარჯვებაზეა დამოკიდებული - ამის შესახებ კობახიძემ დღეს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"რაც შეეხება აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესებას, ეს არის დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვებს ორთაბრძოლაში ტრამპის ადმინისტრაციასა და "დიპ სტეიტს" შორის. არის გაცხადებული სურვილი, რომ დამარცხდეს "დიპ სტეიტი" აშშ-ში. ვნახოთ, თუ ეს ბრძოლა დასრულდება პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვებით, სხვა მიმართულებით წარიმართება პროცესები, თუ გაიმარჯვებს "დიპ სტეიტი", ამ შემთხვევაში შეიძლება ველოდოთ სხვა განვითარებას. ჩვენ იმედს ვიტოვებთ იმისა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია გაიმარჯვებს და ეს ხელს შეუწყობს საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების დალაგებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, რა იქნება იმის დადასტურება, რომ ამ ორთაბრძოლაში ნამდვილად ტრამპის ადმინისტრაციამ გაიმარჯვა და ხომ არ არის მოლოდინი, რომ ეს პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნა იქნება, "ოცნების" პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის აღდგენა ამის მაგალითი იქნება.

"ჩვენ ჩვენი ქვეყნის ბედი გვაინტერესებს, პირველ რიგში. ჩვენ შემთხვევაში, ამის ნიშანი იქნება ის, თუ როგორ გაგრძელდება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. თუ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია მიიღებს გადაწყვეტილებას ურთიერთობების გადატვირთვის, სტრატეგიული პარტნიორობის განახლების თაობაზე, ეს იქნება ჩვენთვის ნიშანი იმისა, რომ აშშ-ში "დიპ სტეიტი" დამარცხდა.

სანქციების მოხსნა ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის საერთოდ არ არის რელევანტური. როდესაც ვსაუბრობთ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, ჩვენთვის რელევანტური არის სტრატეგიული პარტნიორობის განახლება. სანქციები მისთვის საერთოდ არ არის საინტერესო", - განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები