ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია (EFJ) ეხმაურება საქართველოში ჟურნალისტების შევიწროების შემთხვევებს და აცხადებს, რომ თუ ტელეწამყვან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს არ დააბრუნებენ საზოგადოებრივ მაუწყებელში თავის პოსტზე, საზოგადოებრივმა მაუწყებელი უნდა გაირიცხოს ევროპის მაუწყებელთა კავშირიდან (EBU).
ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია მხარს უჭერს საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც ამხილეს მზია ამაღლობელის დაკავების სუსტი გაშუქება მაუწყებლის ბორდის შეხვედრაზე.
"შეხვედრის დროს, ცნობილმა ჟურნალისტმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა გააკრიტიკა სარედაქციო გადაწყვეტილებაში პოლიტიკური ჩარევა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის მხრიდან, რომელიც ადრე “ქართული ოცნების” პარტიის თავმჯდომარის მოადგილე იყო. მან [ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა] სოლიდარობა გამოუცხადა მზია ამაღლობელს. “საზ.მაუმ გაკვრით ახსენა მისი დაკავების ამბავი ახალი ამბების ბლოკში” - თქვა მან, რითაც ხაზი გაუსვა საზ-მაუს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს საჯარო დისკუსიას ამ საქმეზე. საზ.მაუს სატელევიზიო წამყვანმა ნინო ზაუტაშვილმა, ასევე, გამოუცხადა სოლიდარობა მზია ამაღლობელს და ყველა “სინდისის პატიმარს” და დაამატა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სრულად უნდა გააშუქოს ქვეყანაში მიმდინარე პროტესტი”, - წერია ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციის განცხადებაში.
EFJ აღნიშნავს, რომ სამაგიეროს გადახდის ნიშნად, 4 თებერვალს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს არ მიეცა საშუალება წაეყვანა თავისი საინფორმაციო გამოშვება საზ.მაუზე, რასაც EFJ-ს გენერალური მდივნის რიკარდო გუტიერეზის თქმით, ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია მიუღებელ ცენზურად მიიჩნევს.
“ჩვენ მოვუწოდებთ ევროპის მაუწყებელთა კავშირს, რომ ჩაერიოს”, - აცხადებს EFJ-ს გენერალური მდივანი რიკარდო გუტიერეზი.
ამასთან, ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, მოახდინოს მაქსიმალური ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა შეწყდეს ჟურნალისტების დევნა და გათავისუფლდნენ მზია ამაღლობელი და ყველა სხვა სინდისის პატიმარი.