"თუ ვერ წაგვაქცია 2006 წლის რუსეთის ემბარგომ, დღევანდელი დარტყმა, გაჯანსაღების კიდევ ერთი პროცესი იქნება"- ამის შესახებ “დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების” გამგეობის წევრი ტარიელ გვალია bm.ge-თან აცხადებს. ასე ეხმაურება ის ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ე.წ. ტურისტულ ემბარგოსთან დაკავშირებით.
გვალია რუსეთის მხრიდან ახალ ემბარგოს არ ელოდება და აცხადებს, ეს რუსეთისთვის იზოლაციისკენ წასვლას ნიშნავს, რაც მათ არ უნდა აწყობდეთ. ტარიელ გვალია დარწმუნებულია, რომ საქართველო შესაძლო ემბარგოს გაუმკლავდება.
“ეს კარგი მოვლენა არ არის, მაგრამ ვფიქრობ, საქართველომ გამოიმუშავა იმუნიტეტი, როგორც ადამიანების, ასევე სტრუქტურებისა და დარგების დონეზე. თუ ჩვენ ვერ წაგვაქცია 2006 წლის რუსეთის ემბარგომ, ვფიქრობ, რომ დღევანდელი დარტყმა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაზე აუცილებლად აისახება, ალბათ კიდევ ერთი გაჯანსაღების პროცესი იქნება. მაშინ ამან საფუძველი დაუდო როგორც ეკონომიკის გაჯანსაღებას, ასევე დივერსიფიკაციას.
ველოდები, რომ ეს იქნება დივერსიფიკაციის ახალი ტალღა. უნდა ვისწავლოთ ასეთ გამოწვევებთან გამკლავება. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ასეთი რეაქციები, თუ ხელისუფლება აყოვნებს ან ისეთი სისწრაფით არ მიდის, საზოგადოებას აქვს უფლება, რომ ხელისუფლებას ეს უკარნახოს. ეს არის ჯანსაღი და რომელი ხელისუფლებაც ვერ მოახდენს დროულად ამაზე რეაგირებას, ის იძულებული იქნება ნელ-ნელა დათმოს პოზიციები.
თუ ემბარგოში ვიგულისხმებთ მთლიანად ამ პროცესების ჩაკეტვას - ტურისტებს და სასაქონლო ჯგუფების ექსპორტს - არ უნდა ველოდოთ(ემბარგოს), რადგან ვფიქრობ, ეს არ არის მომგებიანი რუსეთის ხელისუფლებისთვის, რადგან ეს მიდის სრული იზოლაციისთვის და არ მგონია, რომ ხელსაყრელი იყოს”- აცხადებს ტარიელ გვალია.

























