ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ეკოლოგიური მარკირება იწყება. პირველ ეტაპზე დაგეგმილია საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ეკომარკირება, რომლის მიზანანსაც ბაზარზე ეკოლოგიურად სუფთა საწვავის ზრდისა და ნავთობიმპორტიორ კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა წარმოადგენს.
გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე თემურ მურღულაია "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას განმარტავს, რომ ახალი სისტემა საწვავის ფასზე არ აისახება. მისივე თქმით მარკირება ნებაყოფლობითია და ის სავალდებულო სახეს ვერ მიიღებს.
"წლების განმავლობაში საქართველოში ეს პრობლემა მოუგვარებელი იყო. ჩვენ რამდენიმეჯერ გავამკაცრეთ საწვავის ხარისხი, თუმცა საწვავის ხარისხი არ გვსურს, რომ იყოს მხოლოდ სახელმწიფოს მხარეს. დღეს თუ ვინმეს აქვს მაღალი ხარისხის საწვავი შემოტანილი, მას უნდა ჰქონდეს საშუალება ეს საზოგადოებას გააცნოს.
საკითხი შეთანხმებულია ბიზნესის წარმომადგენლებთან და პირველ რიგში ნავთობიმპორტიორებთან. სისტემა არის სრულად ნებაყოფლობითი. ეს არის კარგი საშუალება საზოგადოებასთან კომუნიკაციისთვის, მათთვის ვისაც აქვს მაღალი ხარისხის საწვავი", - განაცხადა მურღულიამ. მისივე თქმით, ბიზნესისგან მოდის ინიციატივა, რომ საწვავთან ერთად ბენზინგასამართი სადგურების მარკირებაც მოხდეს.

























