განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ მესტიაში კრიპტომაინინგის პრობლების აღმოსაფხვრელად გამრიცხველიანების პროცესის დაწყება სწორი ნაბიჯია.
როგორც მაია მელიქიძემ BMG-ს განუცხადა, სვანეთში ელექტროენერგიის საფასურზე დაწესებულმა შეღავათმა არასწორი ფორმა მიიღო, რადგან შეღავათით კრიპტომაინერებიც სარგებლობდნენ, რაც თავისი შინაარსით ბიზნეს საქმიანობაა.
მისი თქმით, თუკი გარკვეულ ჯგუფებს, აღნიშნული საქმიანობა სურთ, მათ შესაბამისი კომერციული ტარიფი უნდა გადაიხადონ.
“ეს არის ძალიან სწორი, ლოგიკური და დასაბუთებული გადაწყვეტილება. თავის დროზე იმისათვის, რომ სვანეთი განვითარებულიყო, ტურიზმს ხელშეწყობა ჰქონოდა, ადგილობრივი მოსახლეობა არ წამოსულიყო დიდ ქალაქებში, მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება და ეს იყო სოციალური ხასიათის პროექტი. თუმცა ამ სოციალური ხასიათის პროექტმა მიიღო შეუსაბამო ფორმა და საბოლოო ჯამში, რაც რეალურად უნდა მოხმარებოდა ეკონომიკის განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის ხელშეწყობას, მოხმარდა კონკრეტული პირების მიერ კრიპტოვალუტის გენერირებას. საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდა ისე, რომ ელექტროენერგიას ძალიან დიდი დოზით მოიხმარდა სვანეთი. რა თქმა უნდა, გადამცემ ქსელებს აწვებოდა დატვირთვა და ცვეთა საკმაოდ მაღალ დონეზე იყო. ხშირი იყო გათიშვები, როგორც ხანგრძლივობის თვალსაზრისით, ასევე რაოდენობრივი მიმართულებითაც, ამით სარგებლობდნენ კონკრეტული კერძო პირები, რომლებიც აგენერირებდნენ არალეგალურად, არაკანონიერი მიერთებების გამოყენებით თანხას და ეს, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება და პირდაპირი სახით ურტყამს ენერგეტიკის განვითარებას.
თუ კონკრეტულ ჯგუფს მიეცემა შესაძლებლობა, რომ დარჩეს იქ, რა თქმა უნდა, არ იქნება სამართლიანი მათ მიმართ, ვის წინააღმდეგაც გატარდა ეს ღონისძიება. ასე რომ, ყველანი უნდა იყვნენ თანაბარ პირობებში და აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას მაინინგი. თუ ვინმეს აქვს სურვილი, რომ მაინერებით ისარგებლოს, არსებობს შესაბამისი ტარიფი. როგორც მოგეხსენებათ არის დადგენილი: ნულიდან 100 კილოვატამდე, 100-დან 300-მდე, და 300-დან ზევით. სწორედ 300-დან ზევით ტარიფში ჯდება კრიპტომაინერების მიერ წარმოებული პროდუქციის სტანდარტი და მოხმარება. ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესი, ანუ არაფრით არ განსხვავდება ნებისმიერი სხვა ბიზნესისგან, რომელიც იხდის კომერციულ ტარიფს და, ბუნებრივია, იხდის ჩვეულებრივად გადასახადებს”, - განაცხადა მაია მელიქიძემ.
ცნობისთვის, მთავრობის მიერ 1-ელ ივნისს გაჟღერებული გადაწყვეტილებით, კრიპტომაინინგის პრობლების აღმოსაფხვრელად, მესტიაში მოსახლეობა გამრიცხველიანდება.




























