საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ვითარების გაუარესების შემთხვევაში, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერებას არ გამორიცხავს.
ჟურნალისტების მიერ საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ, ელჩმა განმარტა, რომ როგორც რამდენიმე თვის წინ ითქვა, ყველა ვარიანტი განიხილება. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება და აღნიშნა, რომ ვითარების გაუარესების შემთხვევაში ერთ-ერთი ინსტრუმენტი შესაძლოა, სწორედ უვიზო რეჟიმის შეჩერება იყოს.
„ევროკავშირმა უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე გამოხატა შეშფოთება საქართველოში მოვლენების განვითარების ტრაექტორიაზე. ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ იმ რეფორმების გატარების ნაცვლად, რომლებიც საქართველოს ევროკავშირთან დააახლოებს, სამწუხაროდ, ბოლო თვეებში მოხდა რამდენიმე მოვლენა, რომელიც ზრდის მანძილს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ჩვენ ეს ევროკავშირის შიგნით განვიხილეთ და ჩვენ ხმამაღლა და მკაფიოდ ვთქვით უკვე რამდენიმე თვის წინ, რომ განიხილება ყველა ვარიანტი, შორის საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერების ჩათვლით, განვითარებული მოვლენების საფუძველზე.
ჩვენ თვალს ვადევნებთ მოვლენების განვითარებას. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საარჩევნო კამპანია იქნება მშვიდობიანი, არ იქნება ძალადობა, არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ჩვენთვის ეს არის მოვლენების სასურველი განვითარება. იმ შემთხვევაში, თუკი ვითარება გაუარესდება, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ჩვენი ინსტრუმენტების სხვადასხვა ელემენტების გამოყენება და უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება ერთ-ერთია",- განაცხადა ელჩმა ჟურნალისტებთან.




























