კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი რევაზ ვაშაკიძე მამუკა ხაზარაძის და ბადრის ჯაფარიძის მიერ თიბისი ბანკის ჯგუფსა და ასევე, ანაკლიის განვითარების კონსორციუმში პოზიციების დატოვებას არასწორად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პროექტებს დროთა განმავლობაში ფინანსური პრობლემები შეექმნებათ.
ამის შესახებ ვაშაკიძემ bm.ge-ის მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განუცხადა.
„თიბისი ბანკი სწორედ ამ ორ ადამიანთან არის დაკავშირებული, ბანკში იდეებია საჭირო და გადაწყვეტილებებია მისაღები. სწორედ ამიტომ, ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოდან გასვლა, არასწორია. ბიზნესმენის როლი ნებისმიერ ბიზნესში ძალიან მაღალია და ჩემი აზრით, თუ ისინი აღარ იქნებიან, თიბისი ბანკს და ანაკლიის პორტის პროექტსაც დიდი პრობლემები შეექნება. მე იმ ადამიანთა კატეგორიას არ მივეკუთვნები, ვინც თვლის, რომ თუ გავიდა, არაფერი მოხდება როგორ არ მოხდება? - მოხდება. მაგალითად: სამომავლო განვითარებაზე იქნება პრობლემა, ასევე, მდგომარეობის შენარჩუნებაზე და შესაძლოა კრიზისულ პერიოდზეც, ნებისმიერი ინვესტორი ურთიერთობის ფორმას ბანკის სახელს და კონკრეტულ პიროვნებას უკავშირებს", - განაცხადა bm.ge-ისთან რევაზ ვაშაკიძემ.
ცნობისთვის: მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თიბისი ბანკის ჯგუფში სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის პოზიციების დატოვების თაობაზე გადაწყვეტილება თავად მიიღეს. გარდა ამისა, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას გაიმართება პრესკონფერენცია და ხაზარაძე-ჯაფარიძე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მმართველ საბჭოში დაკავებულ თანამდებობებსაც დატოვებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 24 ივლისს ხაზარაძე-ჯაფარიძეს ფულის გათეთრების მუხლით ბრალი წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით, 1-1 მლნ გირაოს შეფარდება მოითხოვა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ორივეს გირაოს სახით, 700-700 ათას ლარიანი გირაო შეეფარდათ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ უკვე გაასაჩივრა.

























