აპლიკაციით დასაქმებული ტაქსის მძღოლები Yandex-სა და Bolt-თან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას მოითხოვენ. შესაბამისი სარჩელი კომპანიების წინააღმდეგ მათ თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე შეიტანეს.
დამსაქმებელი კომპანიების მხრიდან სამუშაო პირობების ხშირი ცვლილების გამო, ტაქსის მძღოლების აქციები თბილისში 27 თებერვლიდან იმართება.
როგორც ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარემ ლავრენტი ალანიამ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, პროტესტმა უკვე ოთხი ქალაქი - თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი მოიცვა და ის არ შეწყდება მანამ, სანამ კომპანიების მხრიდან პირობები არ შესრულდება.
„დასაქმებულები ითხოვენ, რომ მათი შრომა დაფასებული იყოს და შრომითი ხელშეკრულება იყოს გამართული. ამ პროტესტმა გამოიწვია ის, რომ Yandex-ის აპლიკაციაში სიტყვა „პარტნიორი“ ამოღებულია.
პროტესტი მასშტაბურია, გუშინ 200-მდე მძღოლი იყო გამოსული, დღესაც გრძელდება ბათუმში. ეს არ გაჩერდება, პროტესტია თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში. ჩვენ ეტაპობრივად ვმოქმედებთ ის, რომ არ დავაზარალოთ არც დასაქმებულები და არც მოსახლეობა. თუმცა, თუ კომპანიები დროზე არ მოვლენ გონზე მოვა ის დღე როცა მძღოლები თავად გათიშავენ ამ აპლიკაციას.
Yandex-ში დასაქმებულ მძღოლებს არავინ არ ეკითხებათ ტარიფის გაზრდას, ფაქტობრივად დილის ჩართავენ აპლიკაციას და ახალი პირობები ხვდებოდათ. წლების წინ მათ გადმოიბირეს ქართული კომპანიების ხელმძღვანელები, თავიდან კარგი პირობებით შემოვიდნენ იმისთვის, რომ მოესყიდათ ათასობით ადამიანი და მერე როცა მონოპოლისტები გახდნენ, რა ფასითაც უნდათ, ისე ამუშავებენ.
საქართველოში არის ორი შუამავალი კომპანია, მაგრამ ესენი პასუხისმგებლობას მხოლოდ და მხოლოდ აპლიკაციის გამართულად მუშაობის ნაწილში იღებენ. გუშინ სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი, მანამდე პერსონალური დაცვის სამსახურში იმისთვის, რომ ეს უხილავი პიროვნებები გამოვიდნენ და დასხდნენ მოლაპარაკებების სკამზე. ამ პროცესში გვჭირდება ხელისუფლების ჩართვა. ამა თუ იმ კომპანიას, რომელიც ბიზნესს აწარმოებს ქვეყანაში, უნდა გააჩნდეს რაღაცა პირობები. შრომის ინსპექტორთან რომ მივიდეთ, ჯერ უნდა ვიპოვოთ ვინ არის დამსაქმებელი, რომ შეხვდეს და მოითხოვოს უკეთესი სამუშაო გარემო.
ჩვენ მივემგზავრებით ბათუმში, ქუთაისში გვექნება შეხვედრები, მძღოლები თავად გადაწყვეტენ როგორ გაგრძელდეს ეს პროტესტი“, - განაცხადა ალანიამ.