მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ზედაპირული სანქციებით შემოვიფარგლეთ, ოკუპანტი უფრო გაძლიერდება - „ოცნების“ დეპუტატები უკრაინის მოვლენებზე

6217474833afb
ინგა მურუსიძე
24.02.22 13:06
869
ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის მიმდინარეობს კონსულტაციები, თუ რა და როგორ უნდა განხორციელდეს ამ დღეების განმავლობაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

გარდა ამისა, დეპუტატი ამბობს, რომ ახლა საქართველოს ხელისუფლების საზრუნავია უკრაინაში მცხოვრები ქართველები და საქართველოში მყოფი უკრაინელი ტურისტები, რომლებიც სამშობლოში ვერ ბრუნდებიან.

„გვმართებს ძალიან ფრთხილი მოქმედება, რომ არ დავაზიანოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ეს როგორც მინიმუმ მთლიან რეგიონში გამოიწვევს ეკონომიკურ კრიზისს. სხვა შემთხვევაში, გაზრდილია უსაფრთხოების რისკები არსებითად. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ძალიან პრაგმატულად, ფრთხილად, დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით. დღეს ჩვენი ყოველი ქმედება, ჩვენი რიტორიკა და ნაბიჯები შეთანხმებულია ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან. ჩვენი პოზიოცია არის მკაფიო - საქართველო გმობს მეგობარ უკრაინაში რუსეთის შეჭრას. ეს პოზიცია გამოხატა როგორც პრემიერმა, ისე პარლამენტის თავმჯდომარემ და ამ პოზიციას გამოხატავს ყველა, ვისაც ექნება შეხება მედიასთან“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

გარდა ამისა, განცხადება გააკეთა, უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა, ირაკლი ზარქუამ. ის ამბობს, რომ დღეს რუსეთს აღარ უნდა გაუვიდეს ის, რაც გაუვიდა 2008 წელს საქართველოში.

„მოვუწოდებთ ცივილიზებულ სამყაროს, გავერთიანდეთ უკრაინის მხარდასაჭერად. იგივე შეცდომები აღარ უნდა დაუშვას მსოფლიომ, რაც დაუშვა 2008 წელს და ოკუპანტს იგივე აღარ უნდა გაუვიდეს, რაც მაშინ გაუვიდა. პასუხი უნდა იყოს სწრაფი, ადეკვატური და მტკივნეული რუსეთისთვის. ხოლო თუ ზედაპირული სანქციებით შემოვიფარგლეთ, ოკუპანტი კიდევ უფრო გაძლიერდება. უკრაინა განსაცდელია და მოვუწოდებ თავისუფალ სამყაროს, გავერთიანდეთ უკრაინის დასაცავად“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მისივე თქმით, საქართველოს ყველა ნაბიჯი შეთანხმებულია დასავლელ პარტნიორებთან და ასეც გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები