მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ ჟანგბადს ჩავუხსნით, ბევრ კომპანიას შეიძლება რეანიმაციამაც აღარ უშველოს" - ინტერვიუ "თეთრ სიაზე"

ირაკლი გიორგობიანი

„თუ ჟანგბადს ჩავუხსნით, ჩათვალეთ, ბევრ კომპანიას შეიძლება რეანიმაციამაც აღარ უშველოს“ ეს ხატოვანი შეფასება BMGTV-ის გადაცემა წერტილში“ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი გიორგობიანმა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიებისთვის ე.წ. თეთრი სიით“ გათვალისწინებული პრეფერენციების გაუქმებაზე საუბრისას გააკეთა. მსხვილი ინფრასტრუქტურული კომპანიების გაერთიანებაში სახელმწიფოს არგუმენტებსაც იზიარებენ, მაგრამ იმედოვნებენ, რომ „თეთრი სიის“ გაუქმება მყისიერად არ მოხდება და ბიზნესს, დაახლოებით, 2-წლიანი გარდამავალი პერიოდი ექნება.

საქმე ის არის, რომ დღეს მოქმედი წესის თანახმად, სახელმწიფო ტენდერების თეთრ სიაში რეგისტრირებული კომპანიები სხვადასხვა პრეფერენციებით სარგებლობენ. მათ შორის შესაბამის ონლაინ რეესტრში რეგისტრირებულ მიმწოდებელ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას წინასწარ გადასახდელი თანხის ნახევარი ოდენობის გარანტია წარუდგინონ. ამ სიაში მოხვედრილი კომპანიებისთვის იგივე პრეფერენცია ვრცელდება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოთხოვნის შემთხვევაშიც.

სამწუხაროდ, "თეთრი სიიდან" გამომდინარე პრეფერენციებმა საკმაოდ მავნე პრაქტიკა შეიძინა, ამიტომ ვთვლით, რომ აღნიშნული საკითხი საავანსო გადახდებთან დაკავშირებით უნდა გაუქმდეს“, - აცხადებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე.

BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გაიხსენა, რომ 2016 წელს, „თეთრი სიის“ შემოღების ინიციატივა სახელმწიფოს ეკუთვნის და მიზანი ქართული სამშენებლო კომპანიებისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა იყო.

„სწორედ ამ მიზნით შეიქმნა „თეთრი სია“. ფაქტობრივად, სახელმწიფო ქართულ კომპანიებს, ძალიან მარტივი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რაც გულისხმობდა ორ წარმატებულად დამთავრებულ პროექტს სახელმწიფოსთან თანამშრომლობით, 50%-იან შეღავათებს უკეთებდა წარსადგენ გარანტიებთან დაკავშირებით, რომელიც როგორც შესრულების, ისე საავანსო ნაწილს გულისხმობდა“, - განაცხადა ირაკლი გიორგობიანმა და იქვე დასძინა, რომ ამავდროულად, კერძო სექტორში იაზრებენ, რომ არსებული ფორმით „თეთრი სია“ ვერ შენარჩუნდება.

„შესაბამისად, ეს უნდა იყოს ჯილდო იმ კომპანიების მიმართ, რომელთა მიმართ სახელმწიფო ჩათვლის, რომ ნაკლები რისკი არსებობს. რისკის შეფასებისას გასათვალისწინებელია კომპანიის ფინანსური ჯანმრთელობა. კომპანიის რისკიანობა უფრო მკაცრი კრიტერიუმებით უნდა განისაზღვროს, რათა სახელმწიფოს ნაკლები რისკი ჰქონდეს; თუმცა ჩვენსა და სახელმწიფოს შორის აზრთა სხვადასხვაობა შემდეგში მდგომარეობს - ჩვენ ვამბობთ, კერძო სექტორი დღეს ფინანსურად ჯანმრთელი არაა და როცა არაჯანმრთელს [მკურნალობისთვის საჭირო] პრეპარატს [საბრუნავ კაპიტალს] მოუხსნი, რომელიც მას პროექტების შესრულებაში ეხმარება, ვფიქრობ, ეს კომპანიებს კიდევ უფრო დაასუსტებს. ამდენად, მიმაჩნია, რომ [ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებელი კომპანიების] სექტორში ლიკვიდურობის რისკი შეიქმნება“, - აღნიშნა ირაკლი გიორგობიანმა.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ამ თემაზე საუბრისას არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ „თეთრი სიის“ პრეფერენციები რეფორმას საჭიროებს, მაგრამ აუცილებელია კომპანიებისთვის გარკვეული დროის მიცემა და ერთგვარი საგზაო რუკის არსებობა.

- გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობა "თეთრის სიის" გაუქმების ინიციატივით გამოდის და მანკიერ მხარეებზეც ისაუბრეს კომპანიებთან შეხვედრისას. ხომ არ წარმოგიდგინათ ინფრასტრუქტურის მინისტრმა გარკვეული მონაცემები პრობლემის მასშტაბზე - მაგალითად, „თეთრი სიის“ მანკიერი მხარეებით რამდენი მილიონით იზარალა სახელმწიფო ბიუჯეტმა და ა.შ.

- მსგავს რიცხვებთან/მონაცემებთან ჩვენ წვდომა არ გვაქვს. არ არსებობს იდეალური სამყარო და რა სისტემაც არ უნდა არსებობდეს, არაკეთილსინდისიერი ადამიანი თუ კომპანია ყოველთვის იარსებებს; უბრალოდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მგლის შიშით ცხვარი უნდა გავწყვიტოთ. ჩვენი სექტორი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელია და ნებისმიერმა ძვრამ, შოკურმა თერაპიამ ან საოპერაციო ჩარევამ, შეიძლება, უარყოფითი შედეგი გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე, ჩვენი - ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის როლია, მინიმუმ დავაფიქსიროთ ის რისკები, რასაც ვხედავთ და რაც გარდაუვალი იქნება; ვაღიარებთ იმ ცუდ პრაქტიკასაც და აქედან გამომდინარე, ვთავაზობთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს თუ როგორ შეიძლება ამ სიტუაციიდან ისე გამოვიდეთ, რომ კომპანიებს ადაპტაციისთვის გარდამავალი პერიოდი ჰქონდეთ.

- სახელმწიფოს გადაწყვეტილი აქვს არსებული ფორმით „თეთრი სიის“ გაუქმება?

- დიახ... იმ ნეგატიური ქეისებიდან გამომდინარე, სახელმწიფო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზოგი არაკეთილსინდისიერი კომპანია არსებულ პრეფერენციას ბოროტად იყენებს...

- და მაინც, არ გითხრათ უფრო მეტი ბოროტად გამოყენების მასშტაბი რამხელაა?

- არ მაქვს ინფორმაცია.

- მოგვიყევით, რას სთავაზობს ბიზნესი სახელმწიფოს - როგორ უნდა მოხდეს „თეთრი სიის“ პრეფერენციების რეფორმირება?

- ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს არსებული ხელმძღვანელობა ღიაობით გამოირჩევა. მინისტრი ღიაა ინიციატივების მიმართ და ძალიან ბევრ საკითხში თანხვედრა გვაქვს. ეს ისეთი სექტორია, რომელშიც ძირეული რეფორმა, ფაქტობრივად, არასდროს განხორციელებულა. მოგეხსენებათ, რა ნორმებით ვაშენებთ და ა.შ. მე ძალიან ზომიერი ოპტიმიზმით ვარ განწყობილი იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო ძალიან ჯანსაღად იაზრებს იმას, რომ ამ სექტორს სჭირდება ძირეული რეფორმა, რომელიც გრძელევადიანი და მასშტაბური იქნება, მაგრამ სანამ აქამდე მივალთ, ჩვენი პოზიციაა - არსებობდეს გარდამავალი პერიოდი...

- რა დრო გჭირდებათ?

- ჩვენი შეფასებით, თუ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის შეთანხმება შედგება, ამას სულ მცირე 2 წელი სჭირდება.

- მთავრობას ხომ არ ეჩქარება?

- ყველას გვეჩქარება და აქედან გამომდინარე, ჩვენ ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ ორივეს ინტერესები და პერსპექტივები დაცული იყოს. არ მინდა, ისე გამოვიდეს, რომ სახელმწიფო პრობლემას არასწორად ხედავს - არა, სწორად ხედავს. კერძო სექტორშიც ბევრი პრობლემა არსებობს და თუ ჩავუღრმავდებით, ამ პრობლემების წყარო რა არის, ერთ-ერთი ყველაზე პირველი წყარო ისაა, რომ რისკები არასწორადაა გადანაწილებული - რისკები უფრო კერძო სექტორის მხარესაა, რომელსაც ისინი ფაქტობრივად, ვერ მართავენ.

- რაზე აისახება რისკების არასწორი გადანაწილება?

- დარგში კაპიტალის ადეკვატურობის პრობლემა დგას. ამ სექტორში არ არის მომგებიანობა, თუმცა არამარტო მთავრობას, არამედ შეიძლება საზოგადოებასაც რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ დარგში კლონდაიკია. სამწუხაროდ, გვგონია რომ თუ ვიღაცამ 10-მილიონიანი ტენდერი მოიგო, მილიონერი გახდა. ეს ძალიან კომპლექსური და რთული ბიზნესია.

- რა კრიტერიუმები უნდა გაიწეროს რეფორმირებულ „თეთრ სიაში“?

- მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა, აღრიცხვიანობა, ფინანსური ჯანმრთელობა - ეს არის მთავარი. ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფოს ექნება საშუალება, ფინანსურად ჯანმრთელ კომპანიასთან თანამშრომლობისას მეტი რისკი აიღოს. მთავარია, როგორ უნდა მივიყვანოთ ეს კომპანიები აქამდე. გავმეორდები - სექტორი არაა ჯანმრთელი. მას ვეხმარებით, ხელს ვუწყობთ, რომ იაფიან კაპიტალთან ჰქონდეს წვდომა, რომ შეძლონ მოგების გენერირება, რომ მიაღწიოს ფინანსურ სტაბილურობას; და ჩვენ თუ დღეს ამ ჟანგბადს ჩავუხსნით, ჩათვალეთ, ბევრს შეიძლება რეანიმაციამაც აღარ უშველოს.

- რა გითხრათ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კერძო სექტორის არგუმენტების სანაცვლოდ?

- ჩვენ გვესმის, რომ დღეს სახელმწიფოს უნდა ბევრი კვალიფიციური მიმწოდებელი. ამაში ვეთანხმებით...

- რა შთაბეჭდილება დაგრჩათ - მოგცემენ 2 წელს, როგორც გარდამავალ პერიოდს, ვიდრე „თეთრი სია“ გაუქმდება?

- ოპტიმისტი ვარ და იმედი მაქვს, რაღაც შუალედზე შევჯერდებით. ჩვენ არაფერს ისეთს არ ვითხოვთ - უბრალოდ გარდამავალ პერიოდს ვითხოვთ, რათა სექტორს ვუთხრათ, რომ ეს იქნება მოთხოვნა X პერიოდში და ვინც შეძლებს, დააკმაყოფილებს ამ პირობებს...

- რა სიტუაციაში აღმოჩნდება ბიზნესი თუ „თეთრი სია“ გარდამავალი პერიოდის გარეშე გაუქმდა?

- ბაზარი ძალიან ცოცხალია და ამ მოთხოვნას და სივრცეს ვიღაც შეავსებს. უბრალოდ, ეს პერიოდიც გავლილი აქვს ამ ქვეყანას. ჩვენი ასოციაციის ძირითადი როლი და მიზანია, ამ ბაზარზე უფრო მეტი ფინანსურად ჯანმრთელი ადგილობრივი კომპანიები იყვნენ. თუ მათი წახალისება არ მოხდება, ბაზარზე მოთხოვნას შეავსებენ სხვა კომპანიები ჩვენი სამეზობლოდან.

- და ქართული კომპანიების გაძლიერებისთვის გაწეული შრომაც წყალში ჩაიყრება?

- ასეთი დრამატიზებაც არ მინდა... უბრალოდ, ჩვენი პოზიციაა, თუ სულ ცირე 2 წელი შენარჩუნდეს „თეთრი სია“ - ამით კომპანიებს ზრდის და ფინანსური ჯანმრთელობის გაძლიერების საშუალებას მივცემთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები