მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუკი სტატისტიკის საერთაშორისო მეთოდოლოგია შეიცვლება, ჩვენც გავიზიარებთ"

5b1f7f98da109
თამუნა დემეტრაშვილი
12.06.18 12:06
464
საქსტატის ხელმძღვანელი გოგიტა თოდრაძე მიიჩნევს, რომ დასრულებისკენ მიმავალი საინვესტიციო პროექტები შემდეგ კვარტლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელზე გავლენას იქონიებს.

"მილევადი პროექტები ინვესტიციების კვარტალურ განაწილებაზე შემდეგ თვეებში გავლენას იქონიებს, თუმცა ინვესტიციების წლიურ ჭრილში დიდი ცვლილება არ იქნება"-ამის შესახებ თოდრაძემ გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33% ითაა შემცირებული. შემცირების ერთ-ერთ მიზეზად კი რამდენიმე მსხვილი საინვესტიციო პროექტის დასრულების ფაზისკენ წასვლა დასახელდა.

ამასთან, საქსტატის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თუკი დასაქმების სტატისტიკის წარმოების საერთაშორისო მეთოდოლოგია შეიცვლება, საქსტატიც მისი საშუალებით იმოქმედებს.
"დღეს შრომის საერთაშორისო მეთოდოლოგიით ვხელმძღვანელობთ, ნამდვილად დგას დღის წესრიგში თვითდასაქმებულთა გადაკვალიფიცირების საკითხი, თუმცა ის ჯერ მიღებული არ არის. მაგალითად, ოქტომბერში ჟენევაში შრომის სტატისტიკოსთა კონფერენცია იმართება და დღის წესრიგში ეს საკითხიც დგას. თუკი ახალი მეთოდოლოგია მიღებული იქნება, საქსტატიც ახალ რელსებზე გადაეწყობა", - განაცხადა თოდრაძემ გადაცემაში "საქმიანი დილა".

მან გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ დასაქმების სტატისტიკის წარმოება თუნდაც შიდა უწყებრივი მოხმარებისთვის განსხავებულად აწარმოონ.

"არცერთი ქვეყნის სტატისტიკის სამსახური არ ერგება კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფების ინტერესებს, თუნდაც ეს რომელიმე სამინისტრო იყოს, ჩვენ მივსდევთ საერთაშორისოდ აღიარებულ კურსს და მეთოდოლოგიას"-აღნიშნა თოდრაძემ.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ შენიშვნები გამოთქვეს, საქსტატის მიერ წარმოებული დასაქმების სტატისტიკის მიმართ, რომ ის რეალობას არ შეესაბამება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები