მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტულსი გაბარდმა 120-ზე მეტი ბიოლაბორატორიის მონაცემები გაასაჯაროვა

ტულსი გაბარდი

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა ტულსი გაბარდმა 30-ზე მეტ უცხოურ ქვეყანაში ამერიკის მიერ დაფინანსებული 120-ზე მეტი ბიოლოგიური ლაბორატორიის შესახებ საიდუმლო ინფორმაცია გაასაჯაროვა.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში გაბარდმა ბაიდენის ადმინისტრაცია ამ ობიექტების არსებობის დამალვაში დაადანაშაულა. ხელმძღვანელის თქმით, მაღალჩინოსნები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამერიკელ ხალხს განზრახ ატყუებდნენ და გადასახადის გადამხდელთა ფულს ისე ხარჯავდნენ, რომ ამის შესახებ მათ არაფერს ეუბნებოდნენ. გაბარდმა დააანონსა, რომ თანამდებობიდან მისი წასვლის მიუხედავადაც, ეროვნული დაზვერვის უწყება პარტნიორებთან ერთად მუშაობას გააგრძელებს და საფრთხის შემცველ ბიოლოგიურ კვლევებს საბოლოოდ შეაჩერებს.

ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტების მიხედვით, საშიში ბიოლაბორატორიების დაახლოებით მესამედი უკრაინის ტერიტორიაზე მდებარეობს. ეს ფაქტი კი, რუსეთთან მიმდინარე ომის გათვალისწინებით, უსაფრთხოებას დამატებით საფრთხეს ქმნის არამარტო უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. როგორც დოკუმენტებით ირკვევა, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, აღნიშნულ ობიექტებში ციმბირის წყლულის, შავი ჭირის, ტუბერკულოზისა და ებოლას ვირუსები ინახებოდა. გაბარდის უწყების ცნობით, უკრაინაში მდებარე 40-მდე ლაბორატორიიდან სულ მცირე ოთხის მომსახურების საერთო ხარჯები ამერიკელ მოსახლეობას 9 მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გაბარდის განცხადებას საერთაშორისო ექსპერტთა ნაწილი სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მსგავს ინფორმაციას არ მალავდა. ბიოლოგიური იარაღის ექსპერტის, ჯოშ სეგალის განცხადებით, ეს ლაბორატორიები საიდუმლო არასოდეს, არავისთვის ყოფილა. მისივე განმარტებით, აშშ-უკრაინისა და სხვა სახელმწიფოების პარტნიორობა რეალურად მიზნად ყოფილი საბჭოთა კვლევითი ობიექტების სრულ გადაიარაღებას ისახავდა.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა ტრამპმა 2025 წლის მაისში ხელი მოაწერა სპეციალურ განკარგულებას, რომლითაც გაბარდის უწყებას ვირუსების ხელოვნურად გავრცელების ხელშემწყობი კვლევების შეჩერება დაევალა. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ მოთხოვნის ფარგლებში გაასაჯაროვა ინფორმაცია ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები