მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუმანიშვილის თეატრი: ჩვენი მოთხოვნა მაყურებლის კლასტერების მიხედვით დასმა იყო, რაზეც თანხმობა არ გვაქვს

61a11c5595dd9
თათია ჩაფიჩაძე
26.11.21 23:40
987
საკოორდინაციო საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილებით კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერებში მაყურებელთა დაშვებული რაოდენობა 30%-დან 50%-მდე იზრდება. თუმცა სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 1 აპრილიდანაც ამ დაშვებით მუშაობდნენ.

როგორც თუმანიშვილის თეატრის დირექტორმა ზურა გეწაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, მათი მოთხოვნა მაყურებელთა კლასტერებად დაყოფა იყო, რაზეც თანხმობა დღემდე არ აქვთ. რაც შეეხება თეატრების ფინანსურ მაჩვენებლებს, გეწაძის თქმით, მაყურებელთა აქტივობა მაღალია, თუმცა პანდემიის გათვალისწინებით სპექტაკლების დაახლოებით 40%-ის დადგმა ხერხდება.

„ჩვენთვის თეატრებისთვის ცოტა უცნაური იყო ეს განაცხადი. ჩვენ როცა გავიხსენით 2021 წლის 1 აპრილს, მაშინ ჯანდაცვის და კულტურის სამინისტრომ ერთობლივად შეიმუშავა წესები და ერთ-ერთი ეხებოდა მაყურებელთა რაოდენობას. რეკომენდაციებში ხაზგასმით წერია რომ მაყურებლები უნდა განვალაგოთ ერთი სკამის გამოტოვებით, შესაბამისად ეს არ გამოდის 30%, გამოდის 50% და ჩვენ ყველა თეატრი ასე ვმუშაობდით. კინოთეატრებში არ ვიცი მაგრამ ჩვენთან ნამდვილად ასე იყო აქამდეც.

მაჩვენებლებს რაც შეეხება, პანდემიამდე არსებული ნიშნულისგან ძალიან შორს ვართ, იმიტომ, რომ ამ სეზონზე რომელიც 15 ოქტომბერს გავხსენით, მხოლოდ 20 სპექტაკლი ვითამაშეთ, როცა კარგ ვარიანტში ამ პერიოდისთვის 50 სპექტაკლი გვქონდა ნათამაშები. მაყურებელთა აქტიურობა ძალიან დიდია, ჩვენ გვქონდა შიშები ამ თემაზე, თუმცა როგორც აღმოჩნდა ისინი მონატრებულები იყვნენ. მობილიზებულები მოვიდნენ, იცავენ ყველა რეგულაციას, რაც აუცილებელია თეატრში დასასწრებად. 100%-იანი დასწრება გვაქვს თუმცა ისევ და ისევ პრობლემაა ის, რომ დარბაზი ნახევრად შევსებულია. ჩვენ რაც შევთავაზეთ იყო კლასტერების მიხედვით დასმა და არა სკამის გამოტოვებით, მაგრამ გვითხრეს რომ ამ ეტაპზე ასე დარჩენილიყო.“ - განაცხადა ბიწაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები