მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტურბულენტობა, ფინანსურ რესურსებზე წვდომა - რა გამოწვევები აქვს სამშენებლო სექტორს?

დრაივი

სამშენებლო, სარემონტო და საყოფაცხოვრებო მასალების კომპანია Grossmann-ის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ სამშენებლო სექტორი საქართველოს ეკონომიკური წარმატებისთვის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია, თუმცა, დიდი პოტენციალის მიუხედავად, ბაზარზე რყევებია, რაც სექტორს და, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესს, განვითარებაში უშლის ხელს. ამის შესახებ ვახტანგ კაჭარავამ BMGDrive-ის ეთერში ისაუბრა.

"სულ ვამბობ, რომ ინფრასტრუქტურა და მშენებლობა არის ხერხემალი ნებისმიერი ქვეყნის წარმატებისთვის, ვინაიდან როგორც კი ინფრასტრუქტურაში და მშენებლობაში ეკონომიკური ამინდი კარგია, ეს არის გადამდები სხვა სექტორებისთვის, იქნება ეს ვაჭრობა, საავტომობილო მიმართულება, ლოგისტიკა თუ ა.შ. იხარჯება ფული და შენდება რაღაც, არა აქვს ამას მნიშვნელობა, ეს იქნება სამოქალაქო მშენებლობა, კომერციული, თუ რაღაც სხვა მიმართულებით, ეს ავტომატურად იწვევს სხვა სექტორების გაზრდას, გაძლიერებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გარეშე ძალიან რთულია, რომ ნებისმიერმა სახელმწიფომ იცხოვროს ჯანსაღად და ჰქონდეს ჯანსაღი ეკონომიკა.

რაც კარგი ხდება არის ის, რომ სექტორი მზარდია. ბოლო მონაცემებით დაახლოებით 5.5 მილიარდ დოლარად არის ეს ეს სექტორი მთლიანად შეფასებული და ეს ციფრი აჩვენებს კვლავინდებურად ზრდას, პროგნოზებიც ასეთი არის. თუ შევხედავთ იმასაც, რა მშენებლობებია, ნახავთ, რომ შთამბეჭდავი რიცხვებია, ბოლო 2-3 წელიწადში 10-12 მილიონი კვადრატული მეტრის სამშენებლო ნებართვები გაიცა", - აღნიშნავს ვახტანგ კაჭარავა.

მისი თქმით, მიუხედავად დადებითი შედეგებისა, ბევრ კომპანიას საქმიანობის შენელება, ან საერთოდ შეჩერება უწევს, რაც ქვეყანაში არსებული ტურბულენტური ფონით აიხსნება.

Grossmann-ის დამფუძნებელმა ასევე მწარმოებლისა და სერვისის მიმწოდებლისთვის გაზრდილ ხარჯებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ გატარებული საკანონმდებლო ცვლილებები ბაზრის დღევანდელ მდგომარეობასთან თანხვედრაში არ არის.

"პოტენციალი საკმაოდ დიდია. თუმცა ტურბულენტობაა სწორედ ახლა, ამ დროს, ამ წამს ჩვენს სექტორში, ვინაიდან არის მაკროეკონომიკური ფაქტორები, რომლებიც მნიშვნელოვნად უშლის ბაზარს ხელს. რაღაც პროექტები პაუზდება, ადამიანები მოლოდინის რეჟიმში არიან, ფიქრობენ, რომ "აბა როგორ იქნება, ცოტა ხომ არ დაველოდო". დაფინანსების კუთხითაც, როგორც მე მაქვს ინფორმაცია მცირე და საშუალო სეგმენტში კომპანიებს წვდომა ფინანსურ რესურსებთან გაუძვირდათ. გაუძვირდათ ნიშნავს, რომ შეუმცირდათ, შეეზღუდათ... შესაბამისად, თუ იყო დაგეგმილი ერთი საშუალო კომპანიისთვის, რომ ამ სეზონზე აეშენებინათ პირობითად 5000 კვადრატული მეტრი, ეს ყველაფერი შეიძლება განახევრდა, ზოგმა გააჩერა. ეს ყველაფერი ჩვენც, როგორც ახალგაზრდა კომპანიას, რა თქმა უნდა, ხელს გვიშლის და არასასიკეთო სიტუაციას გვაძლევს.

სათქმელია ისიც, რომ მესმის, ჩვენ რეგულაციებისკენ წავედით და ეს დიდი არაორგანიზებული ბაზარი, რეგულაციის ქვეშ მოექცა. ახლა სამშენებლო სექტორში მოღვაწე ადამიანებმა, ხელოსნები იქნებიან თუ სხვა პროფესიის, არ აქვს მნიშვნელობა, საშემოსავლო 20%-იანი გადასახადი უნდა გადაიხადონ. ეს ყველაფერიც აძვირებს ამ მიმართულებას და ვფიქრობ, რომ ალბათ რაღაც კუთხით გადასახედი იქნება, იმიტომ, რომ ძალიან დიდი შოკი იყო მათთვის, ერთბაშად გაუძვირდათ კომპანიებს და საცალო კლიენტებს, მით უმეტეს, რომ ისედაც ყველაფერი ძვირდება", - განაცხადა ვახტნაგ კაჭარავამ.

ცნობისთვის, 1 თებერვლიდან სამშენებლო სექტორში საგადასახადო შეღავათები გაუქმდა. მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირები 1%-ის ნაცვლად 20%-ით იბეგრებიან ნებისმიერ ხელშეკრულებაში, რომელთაც გააფორმებენ კომპანიებთან და მეწარმე იურიდიულ პირებთან, მათთვის შეღავათი შენარჩუნდება მხოლოდ მაშინ თუკი კონტრაქტს გააფორმებენ სხვა ფიზიკურ პირთან, რომელიც მეწარმის სტატუსს არ ატარებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები