ბიომეურნეობა „სამყურა“ 2024 წელს კაფეს გახსნის. როგორც მეურნეობის დამფუძნებელმა ნიკა ბაგალიშვილმა განმარტა, კაფეში მისულ სტუმრებს ხილის და ბოსტნეულის დაკრეფის, წვენების გამოწურვისა და სალათების გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ.
ბაგალიშვილი ამბობს, რომ მოთხოვნა ბიოპროდუქტებზე საქართველოში ეტაპობრივად იზრდება.
„ისეთი შედეგები დაიდო 5 წლის თავზე „სამყურამ,“ რომ არც კი მჯერა. თუმცა ძალიან მიყვარს ეს საქმე და როცა საქმე გიყვარს, არ ნებდები. დარწმუნებული ვარ აწი უფრო სწრაფად განვვითარდებით. 3 წლიანი ანონსის შემდეგ წელს დავიწყებ კაფეს მშენებლობას. 2-ჯერ მქონდა „აწარმოე საქართველოში“ შეტანილი პროექტი, ბოლო ეტაპამდე მიმიყვანეს ორივეჯერ და შემდეგ სამწუხაროდ უარი მითხრეს. ამის ფონზე გამოჩნდა ძალიან კარგი ადამიანი, რომელმაც ჩამირიცხა შესაბამისი თანხა და ამ რესურსს მოვახმარ კაფეს მშენებლობას.
საქართველოში არ არის ის მომსახურება, რომ ადამიანები მივიდნენ მეურნეობაში, ნახონ, დაკრიფონ ბოსტნეული, გამოწურონ წვენები, მოამზადონ სალათები, კერძები, დარგონ, დათესონ და ჩვენ სწორედ ამას შევთავაზებთ ჩვენს სტუმრებს. მთავარი აქცენტი გაკეთდება ტურისტებზე, ტურისტულ ჯგუფებზე, თუმცა, ცხადია სურვილის შემთხვევაში მომსახურებას გავუწევთ ადგილობრივ ვიზიტორებსაც.“ - განაცხადა ბაგალიშვილმა.
მიმდინარე წელს ბიოწარმოების ხელშეწყობისთვის გამოყოფილი დაფინანსება გაორმაგდა და 1 მლნ ლარი შეადგინა. როგორც პროგრამის განმახორციელებელ სოფლის განვითარების სააგენტოში BMG-ის განუცხადეს, პროგრამისადმი ინტერესი მზარდია, ამოქმედებიდან დღემდე მასში ჩართვის სურვილი 60-მდე პოტენციურმა ბენეფიციარმა გამოხატა. მათგან 45-თან თანადაფინანსების ხელშეკრულება გაფორმდა. სახელმწიფოს ჯამური თანადაფინანსება კი ამ დროისთვის 442 ათას ლარამდეა.