ივლისსა და აგვისტოში მნიშვნელოვანი გაუმჯობესების შემდეგ, არარეზიდენტების რეალურმა უნაღდო დანახარჯებმა ზრდა სექტემბერშიც განაგრძო, - ამის შესახებ TBC Capital-ის მიერ მომზადებულ მაკროეკონომიკურ განახლებაშია წერია.
საინვესტიციო ბანკის შეფასებით, ტურიზმის სექტორის წინასწარი ინდიკატორები საკმაოდ მძლავრ დინამიკაზე მიუთითებს. ივლისსა და აგვისტოში მნიშვნელოვანი გაუმჯობესების შემდეგ, არარეზიდენტების რეალურმა უნაღდო დანახარჯებმა ზრდა სექტემბერშიც განაგრძო. ამ ფონზე, ბოლო დღეებში მცირე შენელების მიუხედავად, გასულ წელთან შედარებით მომატებული რჩება საქართველოს აეროპორტებში აღრიცხული ფრენების რაოდენობაც.
ექსპორტის სტაბილურად მაღალ დონეზე შენარჩუნებისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების გაუმჯობესების შედეგად, აგვისტოში საგარეო შემოდინებების ამ ორი მთავარი წყაროდან მიღებული სავალუტო ნაკადები კვლავ გაიზარდა. შესაბამისად, თუკი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის პიკზე ტურიზმის დანაკლისს ექსპორტის ზრდა აბალანსებდა, ამჯერად ორივე წყარო მძლავრი დინამიკით ხასიათდება.
"საერთო ჯამში, წმინდა სავალუტო შემოდინებების თიბისი კაპიტალის მოკლევადიანი შეფასება, რომელიც საქონლით ვაჭრობას, ტურიზმიდან შემოსავლებსა და ფულად გზავნილებს აერთიანებს, აგვისტოში დამატებით გაიზარდა. თავის მხრივ, ეს დინამიკა თანხვედრაშია ჩვენს მოლოდინთან, რომ 2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მიმდინარე ანგარიშში, რეინვესტიციების გამორიცხვით, დადებითი ბალანსი გაიზრდება", - აღნიშნულია მიმოხილვაში.
დოკუმენტში ასევე განხილულია ფულადი გზავნილების საკითხიც, რომელიც რუსეთიდან კლების გამო, აგვისტოში შემცირდა. კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რთულია ზუსტად პროგნოზირება იმის თუ როდის დაუბრუნდება რუსეთიდან ფულადი გზავნილები Zolotaya Korona-ს სანქცირებამდე არსებულ ნიშნულს.
"სწრაფი ფულადი გზავნილები აგვისტოში წლიურად 8.2%-ით შემცირდა, რაც ევროკავშირის მიერ გადახდების რუსულ სისტემა Zolotaya Korona-ზე დაწესებული სანქციების შემდეგ, რუსეთიდან გზავნილების თვიურად 88%-ით, 5.1 მლნ დოლარამდე შემცირებამ გამოიწვია. ივლისში რუსეთიდან გზავნილების 97%-ზე მეტი სწორედ ამ სისტემით განხორციელდა. მსგავსი ეფექტი დაფიქსირდა გზავნილებზე ყირგიზეთიდანაც, საიდანაც გზავნილები თვიურად 73%-ით შემცირდა და 2.2 მლნ დოლარი შეადგინა, იმ ფონზე, რომ ივლისში ნაკადების 66% სწორედ ამ სისტემის გამოყენებით გადმოირიცხა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ივლისში რუსეთიდან გზავნილების მსგავსი, 42%-იანი თვიური კლება გამოიწვია Unistream-ის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქცირებამაც, თუმცა მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ნაკადების დიდი ნაწილის სხვა სისტემებზე მიგრაცია დაფიქსირდა. მოსალოდნელია, რომ მოვლენები ამჯერადაც მსგავსი სცენარით განვითარდება, თუმცა რთულია ითქვას რამდენად სწრაფად ან სრულად მოხდება გზავნილების ჩანაცვლება", - აღნიშნულია დოკუმენტში.
























