ტურისტების ქვეყანაში შემოშვებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების კუთხით ალბათ სწორი რეგულაციები უნდა გატარდეს, - ამის შესახებ TRAFFIC TRAVEL GEORGIA-ს წარმომადგენელმა ცოტნე ჯაფარიძემ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ზოგადად რეგულაციების მომხრე არ არის, მაგრამ იმასაც ვერ დაეთანხმება, რომ 2012 წლის შემდგომ საქართველოში შემოსვლა მხოლოდ განსხვავებული ფერის კანის მქონე ადამიანებს აეკრძალოთ და არც ერთი აკრძალვა არ შეეხოთ რუს ტურისტებს.
ცოტნე ჯაფარიძე bm.ge-ისთან საუბარში განმარტავს, რომ საქმე ეხება მაგალითად ტურისტებს, რომლებსაც შეიძლება სახელმწიფომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევის გამო ქვეყანაში შემოშვებაზე უარი უთხრას.
“საქართველოს საზღვარზე შექმნილმა პრობლემებმა წარმოქმნა ის რეალობა, მაგალითად, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, საიდანაც მოდიან სტუმრები. ტურისტულმა სექტორმა იქ, ადგილზე შეწყვიტა საქართველოს გარეკლამება, ვინაიდან მათ მიერ გაწეული ხარჯი რეკლამის სფეროში იქნებოდა უარყოფითი, ვინაიდან იქნებოდა ტურისტების გაზრდილი რაოდენობა და საბოლოო შედეგად მოუწევდათ თანხის უკან დაბრუნება, ვინაიდან ადამიანი საზღვარზე არ შემოუშვეს. გამოსავალის ძებნა მარტივია, მაგრამ უკვე აწყობილ და გაკეთებულ საქმეს რომ გააფუჭებ, სამწუხაროა.
უნდა მოხდეს ალბათ სწორი რეგულაციები უსაფრთხოების განხრით და არ უნდა ხდებოდეს ის გაურკვეველი სიტუაცია აეროპორტებში, რაც ხდება, უმიზეზოდ ადამიანების გაშვება უკან. გარდა ამისა, ჯობია ყურადღება მივაქციოთ რუსეთიდან შემოსული ტურისტების ნაკადს, სადაც მე არც ერთი შემთხვევა არ გამიგია, რომ რუსი ტურისტი საქართველოში არ შემოშვათ. მე პირადად ბევრად მეტ საფრთხეს ვხედავ ჩრდილოელი მეზობლისგან, ვიდრე ინდოეთიდან მომავალ ტურისტებში. არ ვიცი გამიზნულად ხდება ეს, რამე საფუძველი უდევს თუ გეგმაზომიერად ხდება ტურისტული სექტორის განადგურება, ამის თქმა არ შემიძლია. ვერსიის სახით შემიძლია ვთქვა, რომ არის მცდელობა, ქართული ტურისტული სექტორი მიებას რუსულ ტურისტულ სექტორს და ვფიქრობ, ამ ვერსიას არსებობის საფუძველი აქვს“, - განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.