პროქტ Check In Georgia -ს ფარგლებში წელს კონცერტებს ადგილობრივი ანსამბლებიც გამართავენ. „სუხიშვილები“, „ერისიონი“, „ქართულ ხმები“, „რუსთავი“ და სხვა ცნობილი ანსამბლები, იმ ჩამონათვალში არიან, რომელთა კონცერტებსაც სახელმწიფო დააფინანსებს. როგორც ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ჩოგოვაძემ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, წელს საქართველოში რეკორდულად დიდი რაოდენობის ტურისტებს ელოდება და სახელმწიფო ცდილობს, მათ კულტურულად დატვირთული პროგრამა დაახვედროს.
„როდესაც რომელიმე ქვეყანაში ვმოგზაურობთ გვაინტერესებს ადგილობრივი კულტურა. ამიტომ ჩვენ მივეცით საშუალება ამ შემსრულებლებს მრავალი კონცერტი ჩაატარონ. ტურისტების რაოდენობა საქართველოში წელს 8 მილიონიან რეკორდს გადააჭარბებს, ჩვენ ვცდილობთ ტურისტებს კულტურულად დატვირთული პროგრამა დავახვედროთ. იმ რეგიონებში, სადაც ტურისტების დიდი ნაკადია, ქართულ ფოლკლორულ კონცერტებს სახელმწიფო დააფინანსებს. არ მინდა ისე გაიგოთ, თითქოს მხოლოდ ფოლკლორულ კონცერტებს ვაფინანსებდეთ, აქ იქნება ჯაზი, ბლუზი, საკამერო, საოპერო, საგუნდო მუსიკის კონცერტები. ამ პროექტში იქნება ყველაფერი, რითიც ჩვენ ვამაყობთ და გვინდა რომ წარვდგეთ მსოფლისო წინაშე.“ - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

























