ჩერნობილის დახურული ზონა ტურისტებისთვის იხსნება - განკარგულებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა მოაწერა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ
„ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა, „ტურისტებისთვის „მწვანე დერეფანი“ შეიქმნება“.
„ჩერნობილი უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს: მეცნიერებს, ეკოლოგებს, ისტორიკოსებს, ტურისტებს. სამწუხაროდ, ეს ზონა დღემდე კორუფიასთან ასოციარდება. უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნები ტურისტებისგან ქრთამს იღებენ, აწარმოებდნენ ჯართის უკანონო ექსპორტს და ა.შ“,- აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პირველი პირის ვარაუდით, ზონის ტურისტებისთვის გახსნის შემდეგ, ყველა ზემოთ აღნიშნული პრობლემაც მოგვარდება.
აღსანიშნავია, რომ სერიალ „ჩერნობილის“ გამოსვლის შემდეგ, კაცობრიობის ისტორიაში ატომური ენერგეტიკის სფეროში მომხდარი ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედიის ადგილი - ჩერნობილი ტურისტულ "ჰოტსპოტად" გადაიქცა.
უკრაინის იზოლირებულ ზონაში ტურისტების ბუმია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა რეგიონში დაახლოებით, 35%-ით არის გაზრდილი.
უკრაინული ტურისტული სააგენტოები მსურველებს სერიალში ნაჩვენებ ადგილებში ექსკურსია-ტურებს დაახლოებით, 100 დოლარად სთავაზობენ. გასვლები ეწყობა მოჩვენებათა ქალაქ პრიპიატსა და რეაქტორის მიმდებარე ტერიტორიაზეც. კატასტროფის ადგილის სანახავად ამ დროის მონაცემებით, ძირითადად უცხოელები ჩადიან; ჭარბობს ამერიკელი და ევროპელი ტურისტების რაოდენობა.
შეგახსენებთ, რომ ჩერნობილის ატომური სადგური 1986 წლის 26 აპრილს აფეთქდა. ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.

























