მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურისტმა საზღვარზე უნდა შეძლოს კოვიდ-დაზღვევის მიღება - "ჯიპიაი ჰოლდინგი"

6022938a7c2ca
ინგა მურუსიძე
14.02.21 20:05
914
“ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორის, თინათინ სტამბოლიშვილის განცხადებით, სადაზღვევო სექტორი ტურისტების კოვიდ-დაზღვევის შეთავაზებისთვის უკვე მზად არის.

როგორც სტამბოლიშვილმა BMG-ის გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში სტუმრობისას თქვა, მსგავსი გამოცდილება სადაზღვევო კომპანიებს უკვე აქვთ უცხოელი ტურისტების მიმართულებით.

რაც შეეხება ღირებულებას, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ფასი ხელმისწვდომი იქნება და ის არც ტურის ღირებულებას გააძვირებს და არც ტურისტის ბიუჯეტზე აისახება. სტამბოლიშვილის ვარაუდით, კოვიდ-დაზღვევის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით სამოგზაურო ტურის ფარგლებში იქნება და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა უჯდება სახელმწიფოს ერთი კოვიდ-ინფიცირებული შენახვა.

„სავალდებულო კოვიდ-დაზღვევის საკითხი დღის წესრიგში დადგა ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში, რადგან ჯერ მიმოსვლა ჩაკეტილი არ იყო, თუმცა მალე დაკარგა აქტუალობა, რადგან ქვეყნები ჩაიკეტა. დღეს უკვე რეალობა არის სხვა და ყველა ინდუსტრიამ უნდა შევუწყოთ ხელი იმას, რომ ტურიზმი ამუშავდეს და მზად ვართ ამაში მივიღოთ მონაწილეობა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის კოვიდ-დაზღვევა შემოსული ტურისტებისთვის, რომ იმ შემთხვევაში თუ უცხოელს აქ დაემართება კორონავირუსი, მისი მკურნალობა არ დააწვეს სახელმწიფოს. ამ შემთხვევაში კერძო სადაზღვევო მექანიზმი არის ერთ-ერთი ეფექტური მექანიზმი. ჩვენ მზად ვართ განვაახლოთ ინტენსიური კოსნულტაციები ამ საკითხზე და მზად ვართ, სახელმწიფოსთან ეს საკითხი განვიხილოთ“, - აცხადებს თინათინ სტამბოლიშვილი.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია პოლისის გაფორმების პროცესი იყოს მაქსიმალურად მარტივი და ხელმისაწვდომი.

ამასთან, სტამბოლიშვილი ამბობს, რომ სადაზღვევო სექტორი ტურ-ოპერატორებთან ერთად შეიმუშავებს ისეთ მექანიზმს, რომელიც თავიდან ბოლომდე მათივე ბიზნეს-ინტერესებიდან გამომდინარე იქნება.

რაც შეეხება მოდელს, როგორც სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, კოვიდ-დაზღვევას სავარაუდოდ, არ დასჭირდება საკანონმდებლო ცვლილება და შესაძლოა, ის სამთავრობო დადგენილებით დარეგულირდეს.

„ნებისმიერ ადგილას, საზღვარზე უნდა იყოს შესაძლებელი ტურისტმა მიიღოს კოვიდ-დაზღვევა. პოლისის შეძენა უნდა იყოს მარტივი პროცედურა. ჩვენ შევეცდებით მომსახურება იყოს უმაღლესი. საინტერესო იქნება თუ რა უჯდება სახელმწიფოს ერთი პაციენტის მკურნალობა. იმედი მაქვს, სახელმწიფოსთან ამ საკითხზე საერთო ენას გამოვნახავთ“, - განაცხადა სტამბოლიშვილმა.

ცნობისთვის, 1 თებერვლიდან საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები მოიხსნა. თუმცა, თუ როდის შეიძლება ველოდოთ უცხოელ ტურისტებს, ჯერ ბუნდოვანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები