ბიზნესმენი თემურ ჭყონია სახლმწიფოსგან ტურისტულად პერსპექტიულ ადგილებში სპეციალური საგადასახადო რეჟიმის შემოღების ინიციატივით გამოდის.
მისი თქმით, ეს არის აუცილებელი ნაბიჯი, რაც საკუროტო ზონებში ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის სახელმწიფომ უნდა გადადგას.
ბიზნესმენის შეთავაზებით, ერთ-ერთი პრეფერენცია შეიძლება იყოს ტურისტულად პერსპექტიულ ზონებში დღგ-ის შემცირება ან გარკვეულ პერიოდში ამ გადასახადისგან სასტუმრო ბიზნესის საერთოდ გათავისუფლება.
„ტურიზმის განვითარება არ ნიშნავს მხოლოდ აეროპორტის და ტრასების მშენებლობას. ტურიზმის განვითარება ნიშნავს, რომ ადგილობრივ ტურისტულ ზონებში მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცეს, აშენდეს როგორც მცირე სასტუმროები, ასევე, ჰოსტელები და მსხვილი სასტუმროებიც.
რამდენიმე სეგმენტი უნდა განისაზღვროს. ამას სჭირდება სპეციალური პროგრამები. არ უნდა იყოს სტანდარტული საგადასახადო სისტემის პროგრამა შემუშავებული ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ყველა ტერიტორიას, რეგიონს გააჩნია თავისებური სეზონურობა, სტრუქტურა; აქედან გამომდინარე, ხალხი უნდა გრძნობდეს ხელშეწყობას სახელმწიფოსგან, რაც გამოიხატება შემდეგში, რომ დღგ-ის 18%-იანი გადასახადი უნდა იყოს მინიმუმადე შემცირებული ან რაღაც პერიოდში გაუქმებული, სანამ იმ რეგიონში, იმ ტურისტულ ზონაში დასახულ პროგრამას, მიზანს არ მივაღწევთ“, - აცხადებს bm.ge-ისთან თემურ ჭყონია.
ბიზნესმენს მაგალითისთვის ისეთი საკურორტო ზონები მოჰყავს, როგორიცაა ქობულეთი, სიღნაღი, წყალტუბო, სადაც შემოსავალი დაბალია და სადაც სახელმწიფო თვლის, რომ განვითარების პოტენციალი გაცილებით მეტ ტურისტს მოიზიდავს.
„ვიღაცა იტყვის, ჭყონიას მოუნდა ახლა გადასახადების არგადახდაო... ჭყონიას კი არ მოუნდა, იქ არის ხალხი, რომელიც 5 წელი უნდება სასტუმროს მშენებლობას. ამიტომ ისეთი პროგრამა უნდა შევთავაზოთ, რომ ერთ წელიწადში ააშენოს, უფრო მეტი დოვლათი შექმნას და წინ წავიდეს ქვეყანა. ჩვენი ეკონომიკური ზრდა იმიტომ არის 5%, რომ არ არის სწორი გადაწყვეტილებები და არა იმიტომ, რომ ინვესტორები გვაკლია. ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ 10%-იან ეკონომიკურ ზრდას, თუ ბიუროკრატიული პროცედურები იქნება შემცირებული. გადაწყვეტილებები უნდა იყოს სწრაფი“,-აცხადებს bm.ge-ისთან თემურ ჭყონია.
ბიზნესმენის თქმით, ესაა მისი „საქმიანი წინადადება“ მთავრობის მისამართით, მაგრამ არ აპირებს, რომ ამის თაობაზე ხელისუფლებს ეკონომიკურ გუნდს ოფიციალურად მიწეროს.

























