ბექა ოდიშარია ე.წ. ტურისტული გადასახადის შემოღების ინიციატივასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, თემასთან დაკავშირებით გაკეთდა განცხადებები რომელთაც „აკლდათ ობიექტურობაც და რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობილი არგუმენტირებული კრიტიკაც”.
„მინდა გაცნობოთ რომ ეს გახლავთ იდეა, რომელიც ადრეულ ეტაპზევე, ჩემს მიერ მისი გაჟღერებისთანავე, აიტაცეს ჟურნალისტებმა და ის მოაქციეს ყურადღების ცენტრში. ამისათვის მადლობა მათ, თუმცა ვიდრე იდეა პარლამენტის წევრის საკანონმდებლო ინიციატივად გადაიქცევა, მას განხილვა სჭირდება ჯერ გუნდში, შემდეგ დარგის სპეციალისტებთან და ყველა სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად. საჭირო საქმეები სწორედ ასე კეთდება.
ამ შემთხვევაში კი უფრო მეტი ითქვა ადამიანებისგან, რომელთაც არც უკითხავთ ჩემთვის იდეის შინაარსი, რასაც მე ცხადია მომავალშიც მივესალმები, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში გაკეთდა განცხადებები რომელთაც აკლდათ ობიექტურობაც და რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობილი არგუმენტირებული კრიტიკაც.
მოკლედ იდეის შესახებ:
საქართველოს და ბუნებრივია მათ შორის პირველ რიგში ძველ თბილისს მილიონობით ადამიანი სტუმრობს და ამას ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, თუმცა გვსურს, რომ არ შევჩერდეთ მიღწეულზე და ჩვენი ქალაქის ისტორიული ცენტრი კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გავხადოთ კიდევ უფრო მრავალრიცხოვანი ვიზიტორებისათვის, ვიდრე ეს ახლაა (მომიტივეთ ამ ეტაპზე მეტი აქცენტის ძველ თბილისზე გადატანა, თუმცა ამ ტიპის შემოსავლით თავისუფლად შეუძლია იხეიროს მომავალში ბათუმმა, მესტიამ თუ სხვამ). ტურიზმით განთქმულ ქალაქებში ძნელია ყველაფრის ერთი ვიზიტის ფარგლებში ნახვა და ასეთი ქალაქები სწორედ ამიტომ რჩებიან საუკეთესო სანახაობათა ჩამონათვალში მუდმივად.
ამ მხრივ დამეთანხმებით, რომ თბილისის ტურისტული მარშრუტები გაცილებით მცირეა, საპირისპიროდ იმ შესაძლებლობებისა რაც ჩვენს ქალაქს ჯერ კიდევ გააჩნია. ვგულისხმობ ისტორიულ ქუჩებსა და შენობებს, რომელთაც გადარჩენა და აღდგენა – რესტავრაცია სჭირდებათ.
ამ მხრივ პოტენციალი ნამდვილად დიდი გვაქვს.
სულ ახლახანს, ჩვენ ყველამ ერთად, გავხსენით ახალი თბილისი ახალი აღმაშენებელი და იქ ნანახმა, დამერწმუნებიან თბილისელებიც და თბილისის სტუმრებიც, მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა.
ყველას გვაქვს ალბათ სურვილი, რომ ასეთი ქუჩები და ღირშესანიშნავი ადგილები ვიხილოთ ერთმანეთთან ბუნებრივად დაკავშირებული და ამის შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს, თუმცა ასეთი ტიპის სამუშაოების წარმართვა ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ გარდაუვალი თუ გვინდა რომ ჩვენი ქალაქი მომავალშიც დარჩეს საინტერესო ტურისტებისათვის.
სამწუხაროდ ჩვენ არ ვართ ისეთი მდიდრები, რომ ხვალვე შევუდგეთ თბილისის ისტორიული ნაწილის სრულ რეაბილიტაციას და სამწუხაროდ არ გვყოფნის სახსრები, რომ ადექვატურად ვიზრუნოთ შესაფერის ინფრასტრუქტურაზე.
აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს იმ ხალხის ინტერესები, ვგულისხმობ ამ მიკრო უბნებში მცხოვრებთ, ხშირად რომელთა მოთმინებასა და დისკომფორტზე გადის ტურისტული მარშრუტები და პარკინგებისა თუ სხვა საჭირო ინფრასტრუქტურის უქონლობა უკვე მწვავედ იჩენს თავს ძველ თბილისში.
ამ კუთხით სხვა ინიციატივებიც გვექნება მომავალში, რომ მოხდეს კერძო სექტორის აქტიური ჩართვა/დაინტერესება, რათა სახელმწიფოსთან ერთად, ერთდროულად მოხდეს როგორც ძველი თბილისის მცხოვრებთა პრობლემებზე, ასევე აქ არსებულ შენობა–ნაგებობებზე ზრუნვა და ზოგადად მეტი ინვესტიციების მოზიდვა კვლავაც ზემოთ აღნიშნული მიზნით, თუმცა ამ ინიციატივების გაჟღერებამდე, ბუნებრივია ჯერ გვექნება საქმიანი განხილვები, ხოლო შემდგომ შეგვიძლია ისინი გავხადოთ ფართო განხილვის საგანი. მედიის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, თუმცა მას მერე რაც საკითხები განხილული იქნება სრულად.
დღეს კი ყველას მინდა მივმართო, გადავიტანოთ დისკუსია სამუშაო ვითარებაში, რათა სწორი გათვლების გაკეთება მოვახერხოთ და საპირისპიროდ, ნუ ვიჩქარებთ დასკვნების გაკეთებას.
თბილისში სასტუმროს ოთახი 40, 50 თუ 100 დოლარი ეღირება ნაცვლად 41, 51–ის თუ 101–სა, ღრმად ვარ დარწმუნებული, ეს ვერაფრით მოახდენს ზეგავლენას სტუმრების არჩევანზე.
აქ მიგვაჩნია, რომ გაცილებით უფრო სხვა პრობლემებთან გვაქვს საქმე და მათ შორის ის ევროპული სტანდარტებისათვის მიუღებელი ხმაურია, რომელიც დღეს გვაქვს დედაქალაქსა და სხვა ქალაქების ტურისტულ ზონებში და ჩვენ ბუნებრივია ამ მხრივაც უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მოსახლეობასა და ვიზიტორებზე.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იდეა და საკითხი ზოგადად კომპლექსურია და საჭიროებს მენეჯერულ მიდგომას და ასეთი საკითხები არ წყდება მყისიერად, მიუხედავად იმისა რომ მსოფლიოში ამ ტიპის უზარმაზარი გამოცდილება არსებობს.
მესმის ზოგიერთი ჩემი მეგობარი ჩინოვნიკის, რომ ჯერ პოზიცია არ აქვს და ეს სწორია, ვინაიდან საკითხი ჯერ არ განგვიხილავს გუნდში.
მიკვირს ზოგიერთი ექსპერტის, რომელიც ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარ კონტექსტში იყენებს სიტყვას „კორუფცია“.
მიკვირს იმ კარგი ეკონომისტის, რომელიც ასეთი შეუწყნარებელია ასეთი პრაგმატული იდეის მიმართ, მით უმეტეს რომ თავად განზრახული აქვს პირდაპირ ეთერში ახალ წელს ანაშის დათესვა... თუ ის ფიქრობს, რომ ამ ქვეყანაში, ამ საქციელით ტურისტს გააბევრებს, ხოლო 1 დოლარიანი გადასახადი მას დაუფრთხობს მის მიერ მოხიბლულ მოზიდულებს, ეს უკვე სხვა ფორმატში განსახილველი საგანია.
როგორც ადამიანი, რომელსაც საქმე მიკეთებია, მინდა მოგიწოდოთ, დავსხდეთ და ერთად ვისაუბროთ ყველასთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და მათ შორის ჩემს მიერ გამოთქმულ იდეაზეც, რასაკვირველია თქვენი სურვილის შემთხვევაში, რათა მოიგოს ჩვენმა ქვეყანამ და ზოგადად საქმემ”, - წერს ოდიშარია.

























