წინა წელთან შედარებით ტურისტული ჯავშნების რაოდენობა შემცირებულია, მდგომარეობა ოპტიმისტურად არ გამოიყურება - ამის შესახებ ტურისტული კომპანია Travelshop-ის დამფუძნებელი აცხადებს.
როგორც ნიკა მანჯგალაძემ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, ამ ეტაპზე ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით მოლოდინები ნაკლებად ოპტიმისტურია, რადგან წინა წლებისგან განსხვავებით, შემცირებულია ევროპელი ტურისტების ნაკადები.
მისი თქმით, ამაზე გავლენა აქვს როგორც საქართველოს შიდა პოლიტიკურ, ასევე რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ დაძაბულობას. ნიკა მანჯგალაძე ვარაუდობს, რომ წელს საქართველოში ვიზიტორების დიდი ნაწილი აზიის ბაზრიდან, მათ შორის ინდოეთიდან, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან იქნებიან.
„ევროპული ქვეყნებისგან ინტერესი იმხელა არაა, როგორიც წინა წლებში იყო. ჩვენ რამდენიმე თვის წინ როუდ შოუ ჩავატარეთ სკანდინავიის ქვეყნებში და ყველა ტუროპერატორმა გვითხრა, რომ ფრთხილობენ. ეს მხოლოდ ჩვენი შიდა პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე არაა, ზოგადად ძალიან უცნაური განწყობა აქვთ რეგიონის მიმართ. ის, რომ ბრიტანეთის ავიახაზებმა დაიწყო ფრენა, ახალი ავიაკომპანიები დაემატა, სტიმულს გვაძლევს, იმედი გვაქვს, რომ ჩრდილოეთ და ლათინური ამერიკიდან უფრო წამოვა ნაკადები და ეს სეგმენტი შეივსება.
წინა წლებიდან გამომდინარე, ამ დროს უკვე ბევრი ჯავშანი უნდა გვქონდეს, თუმცა ჩვენს მაგალითზე რომ გითხრათ, დაახლოებით 30%-ზე ვართ ჩამოსულები იმ მაჩვენებლების, რაც ამ დროს გვქონდა ხოლმე. ინდივიდუალები უფრო აქტიურობენ, ვიდრე ჯგუფური ტურები, რადგან ჯგუფური ტურების გაუქმება უფრო რთულია. რაც შეეხება წლევანდელ მოლოდინებს ალბათ, მოწინავე პოზიციებზე ისევ ინდოეთი, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები იქნება და რუსეთი ისევ პირველ ადგილზე", - განაცხადა ნიკა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, ისეთი ქვეყნების ვიზიტორები, როგორიც მაგალითად, ინდოეთია, ნაკლებად მაღალმხარჯველუნარიანები არიან.
"აზიური ბაზარი კარგია, მაგრამ ქვეყანას გააჩნია, უფრო მაღალგადამხდელი არის სინგაპური, მალაიზია, ინდონეზია. რაც შეეხება სხვა აზიურ ქვეყნებს, ისინი მაღალგადამხდელები არ არიან, მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკის განუყოფელი ნაწილები არიან. შესაბამისად, სხვა ბაზრებიც მოსაძიებელია, იმიტომ რომ მარტო ამ ბაზრების იმედზე ვერ ვიქნებით. რაც შეეხება ზაფხულის სეზონის მოლოდინებს, მდგომარეობა ოპტიმისტურად არ გამოიყურება, თუმცა მაინც იმედი მაქვს, რომ რაღაცები დასტაბილურდება“, - განაცხადა ნიკა მანჯგალაძემ.




























